ცესკო და მედია საარჩევნოდ ითანამშრომლებენ
საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა, სამომავლო გეგმები
და ჟურნალისტების მისამართით შემუშავებული ინიციატივები - ეს ის საკითხებია, რომელთა
შესახებ ცესკოს თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი ქუთაისში, რეგიონული მედიის წარმომადგენლებს
ესაუბრა. ხარატიშვილმა ცესკოს მუშაობის პრიორიტეტად გამჭვირვალობა, ამომრჩეველთა ნდობის
მოპოვება დაასახელა და ჟურნალისტებთან თანამშრომლობას გაუსვა ხაზი.
„მომდევნო სამი წლის განმავლობაში ქვეყანაში საარჩევნო
რეჟიმში გვიწევს ცხოვრება. ამიტომ ჟურნალისტებთან შეხვედრა მნიშვნელოვანია, მედიასთან
თანამშრომლობისა და ამომრჩეველთა ინფორმირების მიზნით. ჩვენ ვგეგმავთ ჟურნალისტების დატრენინგებას საარჩევნო პროცესებთან
დაკავშირებით. გარდა ამისა, ამომრჩეველთა განათლების მიმართულებით გამოვაცხადეთ საგრანტო
კონკურსი მედიაორგანიზაციებისათვის. ასევე, გათვალისწინებული გვაქვს სარეკლამო ბიუჯეტი
რეგიონული მედიისთვის,“ - ამბობს ზურაბ ხარატიშვილი.
ცესკოსა და მედიის წარმომადგენელთა შეხვედრა იმ მემორანდუმის
ფარგლებში გაიმართა, რომელიც საარჩევნო კომისიას და რეგიონულ მედიას შორის გასულ წელს
გაფორმდა. ხარატიშვილის განცხადებით, შეხვედრა ჟურნალისტებთან საპარალმენტო არჩევნების
შემდეგაც გაიმართება. ამჯერად კომისია ჟურნალისტებისგან
არჩევნებთან დაკავშირებულ შეფასებებს მოისმენს.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე