|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"თავისუფალმა საქართველომ" საარჩევნო სიებში დარღვევები აღმოაჩინა

"საოლქო საარჩევნო კომისიაში, ისევე როგორც წინა არჩევნებზე, ახლაც დატოვებულია ის ადგილები, სადაც ხალხი დღემდე არ ცხოვრობს, მაგალითად „უნივერმაგი“, ავანგარდის ქარხანა, სადაც ადამიანი არ შეიძლება იყოს ჩაწერილი. ეჭვი მაქვს, რომ არჩევნების გასაყალბებლად ჭირდებათ ეს ყველაფერი,“  - ეს განცხადება პარტია ,,თავისუფალი საქართველოს“ ქუთაისის ორგანიზაციის ლიდერმა #59 საოლქო საარჩევნო კომისიის წინ გააკეთა. გოგი წულაიას თქმით, პარტიამ გამოითხოვა ინფორმაცია საარჩევნო სიების შესახებ და ჩაატარა მისი დეტალური ანალიზი. შესაწავლის შედეგად კი გაარკვიეს, რომ საარჩევნო სიაში სულხან-საბას ტერიტორიულ ორგანოში მითითებული მისამართები არ არსებობს და აღნიშნულ მისამართებზე მოსახლეობა არ ცხოვრობს. 

,,თავისუფალი საქართველოს“ წარმომადგენლებმა აღნიშნული უზუსტობების შესახებ, საოლქო საარჩევნო კომისიას ოფიციალური მიმართვა უკვე გაუგზავნეს.

ქუთაისის საოლქო კომისიის თავმჯდომარის ავთანდილ ოსეფაიშვილის თქმით, დარღვევები შესაძლოა არსებობდეს, თუმცა კომისია მის აღმოფხვრზე მუშაობს.

,,შესაძლოა არსებობდეს შენობა-ნაგებობები, რომლებიც მოსახლეობას პირადობაში აქვს დაფიქსირებული, მაგრამ რეალურად არ არსებობს. თუ აღმოჩნდება ისეთი საცხოვრებელი მისამართები, რომელიც არ არსებობს, გადამოწმდება აუცილებლად საცხოვრებელიც და პიროვნებაც, ვინ არის და რას წარმოადგენს. ამაზე საარჩევნო უბნის კომისიაში 13 ადამიანი მუშაობს, რომლებიც აბსურდულ მისამართებს მოიძიებენ და გამოასწორებენ“ - აღნიშნა ავთანდილ ოსეფაიშვილმა.

,,თავისუფალმა საქართველომ“ ასევე, სამოქალაქო რეესტრსაც მიმართა, რათა მიაწოდოს პარტიას ოფიციალური ინფორმაცია, საარჩევნო სიებში არსებულ საეჭვო მისამართებზე რეგისტრირებული ამომრჩევლების შესახებ.   

ავტორი: ხათუნა მაისურაძე