|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პაატა ზაქარეიშვილი: წყალტუბოს მოსახლეობა მე კი არა, ივანიშვილს დაუჭერს მხარს

,,ქართული ოცნების“ წყალტუბოს მაჟორიტარობის კანდიდატი უკვე ცნობილია. კოალიციის სახელით წყალტუბოში გამარჯვებისთვის ,,რესპუბლიკური პარტიის“ წევრი პაატა ზაქარეიშვილი იბრძოლებს.

„რესპუბლიკელი“ კანდიდატის თქმით, იგი წყალტუბოს პრობლემებს კარგად იცნობს და შესაბამისად, მისი მოგვარებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.

,,წყალტუბოს კარგად ვიცნობ. მიუხედავად იმისა, რომ წყალტუბოდან არ ვარ წარმოშობით, ბოლო რამდენიმე წელია აქტიურად დავდივარ იქ დევნილების გამო. მათ უფლებებს ვიცავ და ჩართული ვარ დევნილების განსახლების პროცესებში. ხუთი წელია, ყოველ თვეში დავდივარ ამ ქალაქში და ზოგადად იმერეთში, ამიტომ მარტო დევნილებით არ შემოიფარგლება ჩემი ინტერესი. კარგად შევისწავლე წყალტუბოს დანარჩენი პრობლემები. მაგალითად, სოფლის მეურნეობის პრობლემები, მათი გატანა სხვა ქვეყნების ბაზარზე, ნამახვანჰესის პრობლემები - კომპენსაციები, ღირსეული განსახლება და ასე შემდეგ“ - აღნიშნა ,,ნიუპრესთან“ საუბარში პაატა ზაქარეიშვილმა.

მაჟორიტარობის კანდიდატს წინასაარჩევნო კამპანია უკვე დაგეგმილი აქვს და ამბობს, რომ რამდენიმე დღეში მოსახლობასთან შეხვედრებს დაიწყებს.

,,ნიუპრესის“ შეკითხვას, როგორია მისი მოლოდინი არჩევნებში გამარჯვებასთან დაკავშირებით და რამდენად აქვს მოსახლეობის მხარდაჭერის იმედი, ზაქარეიშვილი პასუხობს, რომ  მისი გამარჯვება ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერთა როდენობაზეა დამოკიდებული.

,,წყალტუბოს მოსახლეობა მე კი არა, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილს დაუჭერს მხარს. ეს მოლოდინი მაღალია. ბუნებრივია, ჩემი ძირითადი მხარდამჭერები იქნებიან ივანიშვილის მხარდამჭერები. ამიტომ, ეს ფაქტორი გადამწყვეტი იქნება გამარჯვებისთვის“ - ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.

შეგახსენებთ, რომ პაატა ზაქარეიშვილი გარდა პოლიტიკისა, აქტიურადაა ჩართული არასამთავრობო სექტორისა და კონფლიქტების მოგვარების საკითხებში. 

ავტორი: ხათუნა მაისურაძე