„ქრისტიან – დემოკრატებმა“ წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად ქუთაისში გახსნეს
"ქრისტიან –
დემოკრატიულმა მოძრაობამ“ წინასაარჩევნო კამპანია დღეს ოფიციალურად ქუთაისში გახსნა. სპორტის სასახლეში შეკრებილ პარტიის
აქტივს, მოძრაობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ პარტიის პრიორიტეტები გააცნო. ,,ერთიანი
საქართველო ყველა თაობისთვის“ – ამ ლოზუნგით იბრძოლებენ „ქრისტიან–დემოკრატები“ არჩევნებში
გასამარჯვებლად.
პარტიის ლიდერმა
გიორგი თარგამაძემ სამ მთავარ პრიორიტეტზე გაამახვილა ყურადღება: შვილებს – განათლება,
მშობლებს – დასაქმება და პენსიონერებს – დაფასება.
,,ქრისტიან –
დემოკრატიული მოძრაობა“, როგორც ეროვნული, პროდასავლური, კვალიფიციური, სტაბილური,
თანმიმდევრული პოლიტიკური ძალა, მოახდენს განსაკუთრებულ გავლენას ქვეყნის დემოკრატიულ
განვითარებასა და სტაბილური პოლიტიკური, ეკონომიკური გარემოს უზრუნველყოფაში. ჩვენ
ამ პასუხისმგებლობას ვიღებთ ჩვენ თავზე და დარწმუნებული ვართ, ამ პასუხისმგებლობას
თავს აუცილებლად გავართმევთ“ – აღნიშნა გიორგი თარგამაძემ.
„ქრისტიან – დემოკრატიული“ მოძრაობის
პრიორიტეტები მომავალ საპარლამენტო არჩევნებში, ასევე, ხელმისაწვდომი ჯანდაცვა და სოციალური
უზრუნველყოფა, განათლება, დასაქმება, სოფლის მეურნეობა, დაბალი ტარიფები, ინფრასტრუქტურის
მოწესრიგება, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარება იქნება.
გიორგი თარგამაძის
თქმით, მართლმადიდებელ ქრისტიანობას კონსტიტუციურად უპირატესი რელიგიის სტატუსი მიენიჭება.
თარგამაძის განცხადებით, არსებული 8 მილიარდიანი ბიუჯეტი კი 10 მილიარდამდე გაიზრდება,
რისთვისაც შეწყდება წნეხი ბიზნესზე, აღმოიფხვრება ელიტური კორუფცია და ამოივსება ეკონომიკაში
არსებული ,,შავი ხვრელები“. პარტიის პროგრამით. ასევე, ასაკობრივი პენსია, 2014 წლისათვის 200 ლარი
იქნება. ქდმ–ს დაპირებით, 100 000 სტუდენტი
დაფინანსების ნახევარს მიიღებს, მაღალმთიანი რეგიონის სტუდენტები კი, 100% დაფინანსდებიან. გიორგი თარგამაძის თქმით, მილიარდი ლარი გამოიყოფა
სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის, გაუქმდება სავალდბულო სამხედრო სამსახურში გაწვევა
და ჯარი მთლიანად გადავა საკონტრაქტო სამსახურზე.
პარტიის ყრილობაზე
სიტყვით ,,ქრიატიან დემოკრატიული მოძრაობის“ სხვა ლიდერებიც გამოვიდნენ, რომლებმაც
პარტიის მიღწევებზე, ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე, წინასაარჩევნო გარემოსა და ხელისუფლების
შეცვლის აუცილეობლობაზე გაამახვილეს ყურადღება.
,,ჩვენ ძალიან სერიოზულ
შედეგებს დავდებთ ამ არჩევნებში და თუ მაგარი ბიჭები არიან „ნაციონალები“, დაგვხვდნენ
პარლამენტში თავისი ზონდერებით“ – აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას ინგა გრიგოლიამ.
სვეტიცხოვლობის
დღესასწაულთან დაკავშირებით, ქუთაისში მყოფმა ,,ქრისტიან – დემოკრატებმა“ ყრილობის შემდეგ ხარების
ეკლესიში გადაინაცვლეს.
ავტორი: ხათუნა მაისურაძე