|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ფარცხანაყანევის მოსახლეობა წყლის გადასახადს გაორმაგებული ტარიფით იხდის

წყლის ტარიფის გაზრდას აპროტესტებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის მოსახლეობა. მათი თქმით, სოფელს საკუთარი წყალსადენი აქვს, საიდანაც წყალი ქუთაისშიც ნაწილდება. ადგილობრივები კი წყლის ტარიფს გაორმაგებული თანხით იხდიან.

,,გვახდევინებდნენ 20 თეთრს და ახლა გაგვიხადეს 42 თეთრი. რა ხდება ვერ გავიგეთ. რა დატვირთვაა ასეთი, რომ წყალი გააძვირეს. კომუნისტების დროს წყალი უფასი იყო. კარიერი ჩვენი არის და ჩვენ გვახდევინებენ 42 თეთრს. თბილისში ახდევინებენ 30 თეთრს, - ამბობს ადგილობრივი მკვიდრი თემურ ჭუმბურიძე.

,,ჩვენთან საერთოდ არ უნდა იყოს წყლის გადასახადი. ამ სოფელში ამოდის წყალი, აქედან ნაწილდება ქუთაისში და აქ, ადგილზე არ გვაქვს წყალი - აღნიშნა ჭიჭიკო ფხაკაძემ.

მოსახლეობა წყალს არტეზიული ჭებიდან ეზიდება და ხშირად, წვიმის წყლის გამოყენებაც უწევთ.

,,ხან ჭიდან ვეზიდებით წყალს, ხან წვიმის წყალს ვაგროვებთ და მერე იმას ვიყენებთ. ვიმარაგებთ ჭურჭლებში და სარეცხად ვიყენებთ“ - ამბობს იუზა ფხაკაძე.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში  განმარტავენ, რომ წყლის გადასახადის მომატება, გაერთიენაბულ წყალმომარაგების სისტემაში ტარიფების ზრდამ გამოიწვია.

,,სოფელ ფარცხანაყანევის წყალმომარაგების სისტემა არის საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ბალანსზე, ამიტომ შესაბამისად მოქმედი კანონმდებლობით, წყალმომარაგების ტარიფის დადგენა ხდება მათ მიერ. დადგენილი ტარიფი მოქმედებს მისი მოქმედების არეალში. მათ შორის, ფარცხანაყანევის მოსახლეობისთვისაც. ეს არის ის ძირითადი მიზეზი, რატომაც არის ეს ტარიფები გაზრდილი. ზოგადად, ტარიფები გაიზარდა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში, შესაბამისად გაეზარდა მის შემადგენელ ფარცხანაყანევის წყალმომარაგების სისტემასაც“ - აღნიშნა სემეკის კომისიის წევრმა გოჩა შანავამ. 

ავტორი: ხათუნა მაისურაძე