|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

20 000 დასაქმების მსურველი უფასოდ გადამზადდება

პრეზიდენტის ინიცირებული ახალი პროექტი ,,პროფესიული გადამზადებისა და პროფესიული ორიენტაციის ტრენინგები“ გააცნო ქუთაისის მოსახლეობას განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ხატია დეკანოიძემ.

პროექტის მიხედვით,  ოცი ქალაქისა და რაიონული ცენტრის 80 ტრენინგცენტრში ერთდროულად 20 000 ადამიანი უფასოდ გადამზადდება. ახალი პროექტი ნებისმიერ მსურველს საშუალებას აძლევს გადამზადების ორთვიანი კურსი გაიაროს ინგლისურ ენაში, კომპიუტერულ უნარ - ჩვევებსა და პროფესიულ ორიენტაციაში.

,,უაღრესად მნიშვნელოვანია ეს პროექტი დასაქმების კუთხით. ყველა ადამიანს ექმენა საშუალება მომზადდეს უფასოდ. შემდგომ უკვე, მათ წარმოაჩინონ თავიანთი თავი დამსაქმებელთან. ვფიქრობ რომ პროექტი ნამდვილად წარმატებული იქნება“ - აღნიშნა მინისტრმა ხატია დეკანოიძემ.

,,მივესალმები ამ ახალ ინიციატივას. ჩემი აზრით, ძალიან სასარგებლო იქნება ჩვენი მომავალი დასაქმებისთვის. ეს შანსი თითოეულმა ჩვენგანმა უნად გამოვიყენოთ, რაც უკვე ჩვენზეა დამოკიდებული“ - ამბობს ქუთაისში მცხოვრები ნანა ხარაბაძე.

მსურველთა რეგისტრაცია 2012 წლის 16 ივლისიდან დაიწყება და 10 სექტემბრამდე გაგრძელდება. ტრენინგები კი 15 სექტემბერს დაიწყება და 15 ნოემბერს დასრულდება.

„ნებისმიერ მსურველს შეუძლია მიიღოს მონაწილეობა, არ გვაქვს შეზღუდვა დასაქმებულია თუ არა ადამიანი. ერთადერთი შეზღუდვა გვაქვს ის, რომ მონაწილე უნდა იყოს 25 წელს ზემოთ. ტრენინგები გაიმართება საჯარო სკოლების შენობებში“ - აღნიშნა პროექტის ხელმძღვანელმა ციცი დალაქიშვილმა.

რეგისტრაციისთვის მხოლოდ საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტია საჭირო. სპეციალურად ამ ტრენინგისთვის საჭირო სახელმღვანელო და სასწავლო მასალა კი მონაწილეებს უფასოდ დაურიგდებათ.

ავტორი: ხათუნა მაისურაძე