|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ბიუჯეტიდან თანხები არამიზნობრივად იხარჯება?!

ადგილობრივი ბიუჯეტის პრიორიტეტების არასწორად განაწილებასა  და ქალაქში საკანალიზაციო სისტემის არარსებობას  „ახლებმა“ დღეს ბრიფინგი მუძღვნეს. პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა და ქალაქის მაჟორიტარობის კანდიდატმა მამუკა მღვდელაძემ ადგილობრივი ხელისუფლება ქალაქისათვის საჭირო ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვის ნაცვლად, პიარ-პროგრამების განხორციელებაში დაადანაშაულა.

„ჩვენ გამოვეხმაურეთ ქალაქის ბიუჯეტიდან თანხების არასწორად განკარგვის თემას. „ახლები“ ყოველთვის ვამბობდით, რომ ძალიან დიდი თანხა იხარჯება პიარ-პროგრამებზე და არ ხდება ისეთი პრობლემების მოგვარება, როგორიცაა ქალაქის ერთ მეოთხედ ნაწილში საკანალიზაციო სისტემის არარსებობა. როდესაც საპარლამენტო ქალაქზე ვსაუბრობთ,  პარლამენტის  შენობიდან დაახლოებით 300 მეტრში არის მარჯვენა დასახლება, სადაც საერთოდ არ გაკეთებულა საკანალიზაციო სისტემა. ძალიან მიყვარს ფანტანი, რომელიც ქალაქის ცენტრშია, ველოგზა, მაგრამ არ მომწონს, რომ პერიფერიებში მოსახლეობა ჯერკიდევ „უბორნიების“ სისტემას იყენებს,“ - ამბობს მამუკა მღვდელაძე.

„ახლების“ მაჟორიტარობის კანდიდატის თქმით, ქალაქის არსებულ ბიუჯეტს ამეტაპზე ნამდვილად აქვს იმის შესაძლებლობა, რომ მსგავსი საკითხების მოგვარება შეძლოს. როგორც მღვდელაძე აცხადებს, აღნიშნული საკითხი მან ქალაქის საკრებულოს სხდომაზეც დასვა, თუმცა კონკრეტული პასუხი ვერ მიიღო. 

ადგილობრივ თვითმმართველობაში საკანალიზაციო სისტემის არარსებობასთან დაკავშირებით წარმოდგენილ მონაცემებს არასწორს უწოდებენ. მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელის ლევან ჭანჭალეიშვილის თქმით, ქალაქის ტერიტორიის 88%-ს საკანალიზაციო სისტემა გააჩნია.

„დაახლოებით 12%-ია ისეთი, სადაც კანალიზაცია არ გაკეთებულა. ამიტომ, მამუკა მღვდელაძის მონაცემები მცდარია. ქალაქის მერია საკანალიზაციო სიტემის სრულ რეაბილიტაციას არ ახორციელებს. ეს წყალმომარაგების კომპანიის საქმეა,“ - ამბობს ლევან ჭანჭალეიშვილი.

წყალმომარაგების კომპანიაში თავის მხრივ,  აცხადებენ, რომ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის კრიტიკა ხელისუფლების მისამართით იყო ნათქვამი. „ ამიტომ ჩვენ საკითხზე  კომენტარს ვერ გავაკეთებთ,“ - ამბობს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის ცენტრის პრესსამსახურის ხელმძღვანელი ქეთი კიკვიძე.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე