ტყიბულის გამგებელსა და სოფლის რწმუნებულს მოქალაქეთა დევნაში ადანაშაულებენ
„ქართული ოცნების“ ტყიბულის წარმომადგენელები რაიონის
გამგებლის ლევან დოხნაძისა და ცუცხვათის რწმუნებულის
ჯემალ ობოლაძის მხრიდან განხორციელებულ ზეწოლაზე
საუბრობენ. ოცნებაში აცხადებენ, რომ საქმე ეხება მოქალაქეთა მიმართ განხორციელებულ
დაშინებას. მათი თქმით, ადგილობრივი ხელისუფლების უკმაყოფილება „ოცნების“ მხრიდან ტყიბულში
პოეზიის საღამოს გამართვის იდეამ გამოიწვია. ცუცხვათის სოფლის კლუბის ხელმძღვანელი
თემურ კუპრაშვილი, რომელიც ზეწოლის ობიექტი
აღმოჩნდა, აღნიშნული საღამოსთვის ბავშვებს
არჩევდა.
„როდესაც ჩვენ წინასაარჩევნოდ მოქალაქეებთან შეხვედრების მიზნით
დავდიოდით სოფელ ცუცხვათში, თემურ კუპრაშვილი თვითონ მოვიდა, გაგვეცნო და თანამშრომლობის
სურვილი გამოთქვა. გუშინ ეს ადამიანი დამიკავშირდა და მითხრა, რომ სოფლის რწმუნებულმა
ჯემალ ობოლაძემ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და
მისი ოჯახის წევრების სამსახურიდან გათავისუფლებით დაემუქრა. ადამიანი ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო. ჩვენ გადავწყვიტეთ
კუპრაშვილთან პირადად მივსულიყავით და მისთვის მხარდაჭერა გამოგვეცხადებინა, მაგრამ
ეს ადამიანი არ იძებნება,“ – ამბობს „ქართული
ოცნების“ ტყიბულის მაჟორიტარობის კანდიდატი ელისო ჩაფიძე.
კოალიციის ტყიბულის ორგანიზაციის ახალგაზრდული ფრთის
წარმომადგენლები ზაზა ქასრაშვილი და გიორგი კუბლაშვილი, რომლებიც მომხდარის თვითმხილველები
არიან, ამბობენ, რომ სოფლის რწმუნებულის მუქარის შემდეგ კლუბის ხელმძღვანელი აღელვებული
იყო. მოგვიანებით კი ადგილზე, რაიონის გამგებელი ლევან დოხნაძე ჩავიდა, რომელმაც თემურ
კუპრაშვილს უსაფრთხოების გარანტიები მისცა.
„მე ვთხოვე თემურ კუპრაშვილს რამდენიმე ბავშვი შეერჩია,
რომლებიც პოეზიის საღამოში მიიღებდნენ მონაწილეობას. როდესაც სოფლის რწმუნებულმა გაიგო, რომ მე „ქართული
ოცნების“ წარმომადგენელი ვიყავი და კუპრაშვილი მეხმარებოდა, მას ტელეფონით დაუკავშირდა.
ტყიბულის გამგებელმა, რომელიც მოგვიანებით ჩამოვიდა, ჩამოსვლის მიზეზად სოფლის პროგრამები
დაასახელა. დოხნაძემ საუბარი პირადი ურთიერთობის ჭრილში გადაიტანა. მან კუპრაშვილს
უთხრა, რომ თუ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი იყო, ღიად დაეფიქსირებინა თავისი პოზიცია
და სამსახურს არ დატოვებდა. კლუბის ხელმძღვანელზე
ზეწოლის ფაქტს ისიც ადასტურებს, რომ ამის შემდეგ ჩვენთან შესახვედრად არც ერთი ახლაგაზრდა
არ გამოვიდა,“ – ამბობს გიორგი კუბლაშვილი.
თავად თემურ კუპრაშვილი, რომელიც ამ ეტაპზე რაჭაში იმყოფება,
newpress-თან სატელოფონო
სუბარში აცხადებს, რომ გაუგებრობას ჰქონდა ადგილი.
„როდესაც ბავშვებს ვარჩევდი, ერთ–ერთი ბავშვის მშობელმა
ამის შესახებ ცუხვათის რწმუნებულს შეატყობინა. ჩემსა და ჯემალ ობოლაძეს შორის მოხდა შელარაკება, მაგრამ სერიოზული არაფერი
ყოფილა, რადგან ჩვენ მეგობრები ვართ. მე აღელვებული და სტრესულ მდგომარეობაში ვიყავი.
შემდეგ მე და ლევან დოხნაძე შეეხვდით ერთმანეთს.
გამგებელი სოფლის პროგრამებთან დაკავშირებით იყო მისული. არავითარი პოლიტიკური შეხვედრა
აქ არ ყოფილა,“ – ამბობს თემურ კუპრაშვილი.
ცუცხვათის რწმუნებული
ჯემალ ობოლაძე მასსა და კუპრაშვილის ოჯახებს შორის არსებულ მეგობრობაზე ამახვილებს
ყურადღებას და აცხადებს, რომ მეგობრის მიმართ
ზეწოლის მსგავსი არაფერი მომხდარა.
„რა ზეწოლაზეა საუბარი. არაფერი მესმის. ჩვენ ოჯახებით
ვმეგობრობთ. ლევან დოხნაზეც თემურ კუპრაშვილის მეგობარია. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები
თუ პოეზიის საღამოს და რაიმე კარგს მართავენ, პირიქით, იქით მივეხმარები“,–ამბობს ჯემალ
ობოლაძე.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე