ძალოვნებმა ტყიბულელი „მეოცნებეების“ დევნა დაიწყეს?!
„ქართული ოცნების“ ტყიბულის მაჟორიტარობის კანდიდატი
ელისო ჩაფიძე კოალიციის წევრთა დევნაზე საუბრობს. მისი თქმით, „ოცნების“ ტყიბულის ახალგაზრდული ორგანიზაციის
თავმჯდომარე გიორგი კუბლაშვილი, რომელიც ასევე, პარტიის წევრია,პოლიციელებმა ქუთაისის სამმართველოში ნარკოლოგიური
შემოწმების მიზნით გადაიყვანეს.
„15 ივლისს, დაახლოებით 21:00 საათზე, როდესაც გიორგი
ოფისიდან გამოვიდა,ტყიბულის პოლიციამ ის ქუთაისის
პოლიციის სამმართველოში გადაიყვანა. მისი დაკავების მიზეზი გონივრული ეჭვის საფუძველზე
ნარკოანალიზი გახდა. როგორც გიორგიმ მითხრა, მასზე გარკვეული ფსიქოლოგიური ზემოქმედების მოხდენას
ცდილობდნენ. მას გაუკეთდა ნარკოლოგიური შემოწმება. პოლიტიკურ საკითხებზე გიორგისთვის
კითხვები არ დაუსვამთ, რადგან მას „ქართული
ოცნების“ მაისური ეცვა. მომხდარის შესახებ კოალიციის ქუთაისის შტაბს შევატყობინეთ.
შტაბის წევრებთან ერთად საქმეში იურისტებიც ჩაერთვნენ. დაახლოებით ღამის პირველი ნახევრისთვის
გიორგი გაათავისუფლეს,“ – ამბობს ელისო ჩაფიძე.
ტყიბულის მაჟორიტარობის კანდიდატის თქმით, დევნა და თვალთვალი მათი ოფისის თითოეულ წევრზე
ხორციელდება. „მე როდესაც წირვა–ლოცვაზე დასასწრებად
მივდივარ სოფელ მუხურას ეკლესიაში, მთელი ადგილობრივი
ხელისუფლება მობილიზებულია. დაგვყვებიან მანქანით.
ამას აკეთებენ არა ფარულად, არამედ ღიად და ამ პირობებში რომელ თანაბარ საარჩევნო გარემოზეა
საუბარი?“, – ამბობს ელისო ჩაფიძე.
ჩაფიძე გიორგი
კუბლაშვილის მიმართ ძალოვნების მხრიდან განხორციელლებულ ქმედებას იმ ფაქტით ხსნის,
რომ სწორედ კუბლაშვილი იყო ერთ–ერთი ადამიანი,
ვინც მედიასთან ტყიბულის რაიონის გამგებლის ლევან დოხნაძისა და ცუცხვათის თემის რწმუნებულის
ჯემალ ობოლაძის მხრიდან მოქალაქეზე ზეწოლის ფაქტზე საუბრობდა. კოალიციაში ამბობენ,
რომ ადგილობრივი ხელისუფლების უკმაყოფილება „ოცნების“ მხრიდან ტყიბულში პოეზიის საღამოს გამართვის იდეამ გამოიწვია. ცუცხვათის სოფლის კლუბის ხელმძღვანელი თემურ კუპრაშვილი, რომელიც ზეწოლის ობიექტი აღმოჩნდა, აღნიშნული საღამოსთვის ბავშვებს არჩევდა.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე