|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვარციხეჰესის მცხოვრებლები დასახლების ცალკე გამოყოფას ითხოვენ

მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, ბუნებრივი აირის არ არსებობა, გაუმართავი საკანალიზაციო სისტემა - ეს იმ პრობლემათა არასრული ჩამონათვალია, რომელიც ვარციხეჰესის მოსახლეობას ამ დრომდე აწუხებს. ადგილობრივი მცხოვრებლები თვითმმართველობის მხრიდან უყურადღებობას უჩივიან და 300–კომლიანი დასახლების ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულად გამოყოფას მოითხოვენ.

,,ვარციხეჰესი მიერთებულია გეგუთის დასახლებაზე. ხალხის აზრია, რომ გეგუთს გამოვეყოთ და ადმინისტრაციული ორგანო შეიქმნას, რომელიც ჩვენს დასახელებას მომსახურეობას გაუწევს და დაგვაკავშირებს როგორც რაიონებთან, ასევე, ზემდგომ ორგანოებთან“ - აღნიშნა ადგილობრივმა მცხოვრებმა  ჟორა ტაბეშაძემ.

,,არავითარი ყურადღება ჩვენ არც გეგუთიდან, არც რაიონიდან არ გვაქვს. სამუშაო გვინდა პირველ რიგში, გზა, გაზი, რომელიც ნახევრად შემოყვანილია და ჩვენთან არ არის. წვიმის დროს წყალი ჩამოგვდის, არ გვივარგა კანალიზაცია, იტბორება ეზოები. გვჭირდება ადგილობრივი ადმინისტრაცია, რომ ცნობა დაგვიწეროს, მოგვხედოს“ - ამბობს ლამზირა ბიბილეიშვილი.

,,მოგვწყინდა ამდენი დაპირება, ამდენი ლიტონი, ტყუილი სიტყვები, ამდენი ტკბილი შეუსრულებელი დაპირება“ - აღნიშნა აზა მაღლაკელიძემ.

წყალტუბოს ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ პრობლემები მოგვარების პროცესშია და ვარციხეჰესის დასახლების ცალკე ტერიტორიულ ორგანოდ გამოყოფა განიხილება.

,,ყველა პრობლემა მოლაპარაკების პროცესშია. ვარციხეჰესის დასახლება 300–კომლიანი დასახლებაა, მაგრამ შედის გეგუთის ტერიტორიულ ორგანოში. გაზი, წყალი, კანალიზაცია შ.პ.ს. ,,21 საუკუნის“ ბალანსზეა, ნაწილი – ვარციხეჰესის. მიდის მოლაპარაკება ეკონომიკის სამინისტროსთან, გაგზავნილია შესაბამისი წერილი, რომ ვარციხეჰესის დასახლება მუნიციპალურ საკუთრებაში გადმოვიდეს. ამის შემდეგ, უკვე, შესაძლებელი გახდება დაფინანება, მაგალითად, სოფლის პროგრამით და მოგვარდება ეს პრობლემები“ - აღნიშნა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნათია გახოკიძემ.

ადგილობრივი თვითმმართველობაში ასევე, განმარტავენ, რომ უახლოეს მომავლაში, ვარციხეჰესის დასახლებას თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოში წარმომადგენლობა ეყოლება.

ავტორი: ხათუნა მაისურაძე