მერიისგან დამალული საჯარო ინფორმაცია და სარჩელი სასამართლოში
პარტია "თავისუფალი საქართველოს" ქუთაისის ადგილობრივმა ორგანიზაციამ დღეს ქუთაისის მერიის წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. "თავისუფალი საქართველოს" წარმომადგენლების განცხადებით, სარჩელის შეტანის მიზეზი მერიაში მათ მიერ წერილობით მოთხოვილ საჯარო ინფორმაციის უპასუხოდ დატოვებაა.
პარტიის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ ადგილობრივ ბიუჯეტში განსაზღვრული პროგრამა "კორპუსის"
შესახებ ინფორმაციის მისაღებად განცხადება ქალაქის
მერის სახელზე მიმდინარე წლის 14 ივნისს შეიტანეს. თუმცა, პოლიტიკური პარტიის
წერილზე მერიას პასუხი ამდრომდე არ გაუცია. პარტიას არც შუალედური პასუხი მიუღია.
"წერილობით ვითხოვდით, რა თანხა იყო დახარჯული პროგრმა "კორპუსის" ფარგლებში უკვე რეაბილიტირებულ ლიფტებზე. ასევე, რამდენი განცხადება იყო შესული ლიფტების სარეაბილიტაციოდ და მოსახლეობის მხრიდან რამდენი თანხა იქნა აკრებილი. თუმცა, პასუხი ვერ მივიღეთ. ამიტომაც გადავწყვიტეთ სასამართლოს გზით მოვიპოვოთ ეს ინფორმაცია და ასევე, მოგვწერონ პასუხი თუ რატომ არ გაეცა ერთი თვის წინ შეტანილ განცხადებას პასუხი", – განაცხადა "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის რეგიონის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გოგი წულაიამ. მისივე თქმით, მერიის მხრიდან დაფიქსირებული ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას რომ, ხელისუფლება დემოკრატიული ნორმების ღირებულებებისგან შორს დგომას. "რადგან საჯარო ინფორმაცია არა თუ პოლიტიკური პარტიისთვის, არამედ ნებისმიერი მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. თუმცა, ჩვენ არ გავჩერდებით მანამ, სანამ ინფორმაციას არ მივიღებთ. ვიმედოვნებთ რომ ამაში სასამართლო დაგვეხმარება ", – აღნიშნავენ "თავისუფალი საქართველოს" წარმომადგენლები.
ქუთაისის მერიაში კი ირწმუნებიან რომ პარტიას მერიაში საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით განცხადება არ შეუტანია. მაშინ როდესაც პარტიაში, მერიის კანცელარიაში ჩაბარებული განცხადების რეგისტრაციის ნომერი ხელთ აქვთ.
ავტორი: თეკლა მორგოშია