ქუთაისში სასმელი წყალი სარეაბილიტაციო სამუშაოებმა დააბინძურა
ქუთაისში, შარტავას #2–ში ორი დღეა მოსახლეობას ყვითელი
შეფერილობის სასმელი წყალი მიეწოდება. გუშინ
საღამომდე დაბინძურებული სასმელი წყალი მიეწოდებოდა ასათიანის # 19 - ში მცხოვრებ მოსახლეობასაც.
სასმელად უვარგისი წყლით მოსახლეობის მომარაგების ფაქტი ორი კვირის წინ აღმაშენებლის
ქუჩაზეც დაფიქსირდა. როგორც აღნიშნულ ტერიტორიებზე მცხოვრებლები განმარტავენ, ისინი
წინასწარ არავის გაუფრთხილებია, რომ დღის განმავლობაში
სასმელად უვარგის წყალს მიაწოდებდნენ.
„გუშინ მთელი დღე დაბინძურებული წყალი მოდიოდა, ასე
მოხდა დღეს დილითაც. წინასწარ არავის გავუფრთხილებივართ. ეზოში ბავშვები თამაშობენ,
ისინი არა აკვირდებიან წყალი სუფთაა თუ არა, უცებ რომ ონკანიდან წყალი დაელით, ხომ
მოიწამლებოდნენ? – ამბობენ შარტავას ქუჩის მცხოვრებლები.
ქუთაისის გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ,
რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ქუთაისის სერვის ცენტრმა ტელეკომპანია „რიონის“
ეთერით უზრუნველყო მოსახლეობის ინფორმირება. „სასურველია მოსახლეობამ იმ პერიოდისთვის
ავზებში მომარაგებული წყალი დაცალონ და მოახდინონ მისი ხელახალი ავსება“, – ამბობს
ქუთაისის გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელი ლაშა გურგენიძე. მისივე
თქმით, ამ ეტაპზე, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მომსახურების გაუმჯებესების
მიზნით, წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. კერძოდ,
წყლის მოსახლეობისთვის მიწოდების გრაფიკის გაზრდის მიზნით, ისინი სარეაბილიტაციო სამუშაოებს
სხვადასხვა მიმართულებით ასრულებენ.
,,17
ივლისს მოხდა საქუსლიის რეზერვუარიდან გამომავალი 1200 მმ დიამეტრის მაგისტრალური ქსელის
რეაბილიტაცია. მილსადენს ჩაუტარდა სანიტარული დამუშავება, ქიმიური და მიკრობიოლოგიური
ანალიზი. დაიქლორა და გაირეცხა ქსელი. მიზეზი, იმისა რომ რამდენიმე საათის მანძილზე
სასმელ წყალს შეცვლილი ჰქონდა ფერი გამოიწვია
ქსელში წლის მიმართულების შეცვლამ,“ – ამბობს ლაშა გურგენიძე.
ქუთაისის წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, წყლის
საკონტროლო ანალიზი ყოველ საათში აქტიურად მიმდინარეობდა და ყველა ტექნიკური რეგლამენტით
გათვალისწინებულ ნორმებს შესაბამებოდა. საქუსლიას რეზერვუარიდან გამომავალი წყლის მაგისტრალური
ქსელის რეაბილიტაცია უკვე დასრულდა. კომპანიაში აცხადებენ, რომ წყალი მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის
საფრთხეს არ წამოადგენს.
ავტორი: ანა ჯანაშია