„ხელისუფლება სიებს გამოიყენებს არჩევნების გასაყალბებლად“
საარჩევნო სიებში არსებულ დარღვევებთან დაკავშირებით,
პარტია ,,თავისუფალი საქართველოს“ ქუთაისის ორგანიზაციამ ბრიფინგი გამართა. ორგანიზაციის
ლიდერის გოგი წულაიას თქმით, ქუთაისში ავანგარდის დასახლებაში ( სულხან საბას ტერიტორიულ
ორგანოში) ამომრჩეველი არარსებულ მისამართებზეა მიწერილი.
წულაიას ინფორმაციით, ამომრჩევლები შემდეგ არარსებულ
მისამართებზე დაფიქსირდა: სულხან–საბას #10–ა, #49–ბ, #47–ა, #67–ა და #78.
პარტიამ ქუთაისის საარჩევნო კომისიას ამ მისამართების
გაუქმების მოთხოვნით, გასულ კვირას მიმართა. როგორც წულაია ამბობს, პასუხად კომისიამ
აცნობა, რომ არ აპირებს შეცდომების გასწორებას და არსებულ შეცდომებს სამოქალაქო რეესტრის
ტექნიკურ ხარვეზს აბრალებს.
,,ეს არის მიზანმიმართული შეცდომა, რომელიც სისხლის
სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და ხელისუფლება სიებს აუცილებლად გამოიყენებს
არჩევნების გასაყალბებლად. ,,თავისუფალი საქართველო“ არ აპირებს ასეთი ფაქტების შეგუებას
და მთელი ქალაქის მასშტაბით გადაამოწმებს ყველა მისამართს,“ - აღნიშნა გოგი წულაიამ.
საოლქო საარჩევნო კომისიის პასუხში, რომელიც პარტიას
გაეგზავნა, ნათქვამია, რომ ყველა აღნიშნულ მისამართზე დარეგისტრირებულია ამომრჩეველი.
,,ყოველი ასეთი შემთხვევა, მიუხედავად იმისა, რომ სცდება ჩვენს კომპეტენციას, მიანც
იქნება განხილული და შესაბამისობაში მოყვანილი“ - აღნიშნულია საოლქო საარჩევნო კომისიის
პასუხში.
newpress-ის აგრძელებს თემაზე მუშაობას. ამ
წუთებში პარტიის მიერ დასახელებულ მისამართებზე ინფორმაციის გადამოწმებას ვცდილობთ.
ავტორი: ხათუნა მაისურაძე