|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მისამართებზე არარსებული ამომრჩევლები ქუთაისში

ქუთაისში სულხან–საბას დასახლებაში, ამომრჩეველთა არსებული სიები მცდარია. ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ პარტია „თავისუფალი საქართველოსთვის“ გაგზავნილ წერილობით პასუხში, კონკრეტულ მისამართებზე რეგისტრირებული ამომრჩევლების რეალურად არსებობა არ დასტურდება.

საოლქო საარჩევნო კომისიის მონაცემებით, სულხან საბას #47–ა, (ყოფილი # 23 ბაგა - ბაღის შენობა), რომელშიც განთავსებული იყვნენ დევნილები, საკუთრებაში გადაეცათ აღნიშნული ფართი და შესაბამისად, იქ  დარეგისტრირებულია 37 ამომრჩეველი.

newpress-მა აღნიშნული მონაცემის ადგილზე გადამოწმება შეეცადა.  რომლის შედეგადაც, სულხან საბას #47–ა–ში დევნილთა საცხოვრებლის ნაცვლად ავეჯის საამქრო ვიხილეთ.

„აქ ხდება რბილი ავეჯის რესტავრაცია. მიკრომეწარმე ვარ. თორმეტი წელია აქ ვმუშაობ და აქ არასდროს არავის უცხოვრია. ეს ძველად საყოფაცხოვრებო იყო“ - ამბობს ჯუმბერ დარსაძე.

შემდეგი მისამართი, სადაც ამომრჩეველთა არსებობა, ასევე, არ ფიქსირდება, არის სულხა–საბას #67–ა. საოლქო კომისიის ინფორმაციით, აღნიშნულ მისამართზე არის მშენებარე სახლი და იქ  დარეგისტრირებული არიან მესაკუთრეები. თუმცა, ადგილზე მხოლოდ ნახევრად აშენებული, მიტოვებული შენობა დაგვხვდა.

,,აქ არავინ ცხოვრობს. შიგნით კიბეც კი არ არის, გარედანაც ჩანს, “ - ამბობს სულხან საბას #67–ა–ს მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა.

კიდევ ერთი ცდომილება აღმოჩნდა სულხან–საბას #10–ა–ში. აღნიშნულ მისამართზე საოლქო კომისიის ინფორმაციით,  არის ქვესადგური. ამასთან ერთად, ის გამოყენებულია საცხოვრებელ ფართად, სადაც დასახლებულია რამდენიმე ოჯახი და დარეგისტრირებულია ამომრჩეველი.

თუმცა,  დასახელებულ მისამართზე მისვლისას მხოლოდ ცარიელი ადგილი და სამშენებლო ნარჩენები დაგვხვდა.

ამომრჩევლები ვერც სულხა–საბას #10–ში ვიხილეთ, სადაც რეალურად რკინის საამქრო ფუნქციონირებს.

,,აქ რკინის საამქროა, სადაც ვმუშაობთ რამენიმე ადამიანი.  საღმოს იკეტება ჩვეულებრივად და მივდივართ სახლში. აქ არავინ ცხოვრობს“ - ამბობს ბონდო ჩოგოვაძე.

,,საოლქო საარჩევნო კომისიამ დაადგინა საარჩევნო უბნების საზღვრები, რომლის მოსახლეობამაც უნდა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. უშუალოდ უბნის ნომრები დადგენილია, მაგრამ მისამართები დადგინდება, როცა საარჩევნო პროცესები დაიწყება. ჩამოვა კედლის სიები, რომლითაც თვითონ მოსახლეობას შეეძლება დაადგინოს, რამდენად სწორად არის შეტანილი სიაში. ეს კედლის სიები არჩევნების დღეს გამოიკრება. არსებობს რიგი შენობა - ნაგებობებისა, რომელთა მისამართი  მოსახლეობას პირადობაში აქვს დაფიქსირებული, მაგრამ რეალურად არ არსებობს. კომისია აუცილებლად  შეისწავლის  ყველა მსგავს საკითხს“ - ამბობს ქუთაისის #59–ე საოლქო საარჩვენო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ ოსეფაიშვილი.

ავტორი: ხათუნა მაისურაძე