|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

100 წლის შემდეგ "აკაკის მოგზაურობის" კვალდაკვალ

პირველ ქართულ სრულმეტრაჟიან ფილმს ,,აკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“ 100 წელი უსრულდება. თარიღთან დაკავშირებით, კინომცოდნე გოგი დოლიძის ინიციატივით და ხელმძღვანელობით, კინემატოგრაფისტთა ჯგუფი ,,აკაკის მოგზაურობის“ მარშრუტს გაიმეორებს.

გამგზავრება ხვალ, 21 ივლისს,  07:00 საათზე ქუთაისიდან, კინოთეატრ „საქართველოს“ მიმდებარე ტერიტორიიდან მოხდება, საიდანაც რეალურად დაიწყო აკაკის მოგზაურობა. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ სტუდია ,,პიონერფილმის“ ბავშვები გრიშა ჩიგოგიძის ხელმძღვანელობით, რომლებიც მთელ მარშრუტს ფირზე აღბეჭდავენ.

„10 წლის წინ ჩვენ ჩავატარეთ „აკაკის მოგზაურობის“ 90 წლისთავი და მაშინ დაიგეგმა ღონისძიება 100 წლის იუბილის აღნიშვნასთან დაკავშირებით. ეს არის ძალიან სერიოზული თარიღი. ჯერ არსად, არც ერთ ქვეყანაში არ აღუნიშნიათ ფილმის 100 წლისთავი. თვით საფრანგეთშიც კი, რომელიც არის კინემატოგრაფიის სამშობლო“ - აღნიშნა კინომცოდნე გოგი დოლიძემ.

„აკაკის მოგზაურობა“ 1912 წელს გადაიღო პირველმა ქართველმა კონოოპერატორმა ვასილ ამაშუკელმა. ფილმი მსოფლიო კინოს ისტორიაში შესულია როგორც პირველი სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი, რომლის ანალოგი ამდროისთვის არ მოიძებნა.

შეიძლება ითქვას, რომ ქართული კინოს ისტორია ქუთაისიდან, სწორედ ,,აკაკის მოგზაურობით“ იწყება. 

ავტორი: ხათუნა მაისურაძე