წინასაარჩევნოდ გაცემული მედიკამენტები?!
ქუთაისის ადგილობრივ ბიუჯეტში არსებული „მედიკამენტებით დახმარების პროგრამის" ხარჯები გასულ წელთან შედარებით ორჯერ გაზრდილია. 2012 წელს პროგრამის ბიუჯეტი 165 000 ლარს შეადგენს. მაშინ როდესაც, გასულ წელს იგივე პროგრამისთვის 60 500 ლარი იყო გამოყოფილი.
ქუთაისის მერიის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და ლტოლვილთა სამსახურის უფროსი კახა ქორიძე განმარტავს, რომ „მედიკამენტებით დახმარების პროგრამის" ბიუჯეტის ზრდა ქალაქის ურბანული პროცესების ზრდას უკავშირდება. „ვერ ვიტყვით, რომ მოიმატა დაავადებებმა. მაგრამ ქალაქმა განიცადა ურბანული პროცესების ზრდა. ქუთაისი მიმზიდველი გახდა ინვეტორებისთვის და რაიონებში მცხოვრები ადამიანებისთვისაც. ამიტომაც, ქალაქში ჩაეწერა ძალიან ბევრი მოქალაქე. ბუნებრივია, ჯანმრთელი ადამიანი ხდება ავად და სჭირდება მედიკამენტები", - განმრტავს კახა ქორიძე.
ზემოთაღნიშნული სოციალური პროგრამით სარგებლობა მხოლოდ ქუთაისში რეგისტრირებულ ადამიანისთვისაა ხელმისაწვდომი. „მედიკამენტების პროგრამის" ფარგლებში მედიკამენტის მიმღებმა ბენეფიციარმა შესაბამის სამსახურს განცხადებით უნდა მიმართოს. „განცხადების დაწერა, ასევე, შეუძლიათ, ქალაქის მერის ან თუნდაც, საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე", - აღნიშნავს ქორიძე.
მოქალაქის მიერ დაწერილი განცხადება განიხილება მერიის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და ლტოლვილთა სამსახურში შექმნილი სპეციალური კომისიის მიერ. „განიხილება თუ რა დაავადებისთვის სჭირდებათ ესა თუ ის მედიკამენტი. ამის მერე მოქალაქეს ეძლევა ფორმა №100", - აღნიშნავენ მერიის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და ლტოლვილთა სამასახურში. მათივე განმარტებით, პროგრამის ფარგლებში მედიკამენტის ვაუჩერის მინიმალური და მაქსიმალური ზღვარი 50 ლარიდან - 200 ლარამდეა.
პროგრამით მოსარგებლე ბენფიციარებს მედიკამენტების მიღება ქალაქში არსებულ მხოლოდ ოთხ საფთიაქო ქსელში შეუძლიათ. ესენია: შპს „პსპ", შპს „ავერსი-გეოფარმი", შპს „პრიმუსი-2011" (ყოფილი „ალიანის") და შპს „მშვილდოსანი".
„ჩვენ ქალაქში არსებული ყველა სააფთიაქო ქსელს შევთავაზეთ თანამშრომლობა. თუმცა, მხოლოდ ოთხი დაგვთანხმდა", - აღნიშნავს ქორიძე.
სოციალური სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, „მედიკამენტების დახმარების პროგრამის" ფარგლებში უკვე გაცემულია 81 460 ლარი, რომელიც 630 ბენეფიციარზე გადანაწილდა. როგორც ქორიძე ირწმუნება, „მედიკამენტების დახმარების პროგრამის" განხორცილება მიმდინარე წლის იანვრიდან უწყვეტად მიმდინარეობს.ავტორი: თეკლა მორგოშია