|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კონტროლის პალატის ახალი ხელმძღვანელი წინამორბედის კურსის ერთგული რჩება

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ახალი ხელმძღვანელი ლაშა თორდია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ  დღეს, ქუთაისის კონტროლის პალატაში ოფიციალურად წარადგინა. 

დავით ბაქრაძემ თავდაპირველად ყოფილ ხელმძღვანელს ლევან ბეჟაშვილს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ ბეჟაშვილმა კახეთის სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის გვერდით დგომის მოტივით თავად მიიღო. ხოლო სამსახურის ახალ უფროსთან დაკავშირებით ბაქრაძემ აღნიშნა, რომ ლაშა თორდიას ახალ პოსტზე პარლამენტის ადამინის უფლებათა დაცვის კომიტეტეტში საქმიანობისას მიღებული გამოცდილება დაეხმარება.

„ლევანმა რამდენიმე დღის წინ შეგვატყობინა თავისი გადაწყვეტილების შესახებ. ძნელია როდესაც ტოვებ იმ სამსახურს, რომლის აწყობაში ამხელა დრო გაქვს დახარჯული. ლევანი რჩება ჩვენს გუნდში. ის იქნება კახეთში პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი და კოორდინაციას გაუწევს სტიქიით დაზარალებულთა დახმარების საკითხს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობა საზოგადოებაში კითხვებს არ უნდა აჩენდეს. საჭიროა კონტაქტი საზოგადოებასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და  სამოქალაქო საზოგადოებასთან, რისი გამოცდილებაც ლაშას აქვს,“ –  განაცხადა დავით ბაქრაძემ.

როგორც ლაშა თორდიამ აღნიშნა,  მისი მართველობის პერიოდში აუდიტის სამსახური იმ კურსით იხელმძღვანელებს, რაც 4 წლის წინ,  ლევან ბეჟაშვილმა დანერგა.

 „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეფორმა, რაც მის საჯაროობას, ობიექტურობასა და დამოუკიდებლობას ითვალისწინებს, გაგრძელდება. რაც შეეხება სამსახურის ახალ ფუნქციას – პოლიტიკური პარტიების ფინანსურ მონიტორიგს, მე მზად ვარ კონსულტაცია გავიარო ყველა პოლიტიკურ პარტიასთან, რომ დაჯარიმებისა და სამართალდარღვევების შემთხვევები აღარ იყოს,“ – ამბობს ლაშა თორდია.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე