|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გაზრდილი, მაგრამ დაუგეგმავი ბიუჯეტი

ქუთაისის ადგილობრივი ბიუჯეტის ბოლო 6 თვის მონაცემები, ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებები, ტენდენციები და შედეგები – ამ საკითხებზე იმსჯელეს დღეს „ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის“ ქუთაისის ფილიალის ოფისში გამართულ შეხვედრაზე. „ეკონომისტთა ასოციაციის“ მიერ ორგანიზებულ შეხვედრას, ადგილობრივი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრა პროექტის „ჩაერთე შენი ქალაქის მართვაში“ ფარგლებში გაიმართა.

„ეკონომისტთა ასოციაციის“ ქუთაისის ფილიალის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2012 წელს ქუთაისის ბიუჯეტში შესულ ცვლილელებს ქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში თანხების გაორმაგებული მატება მოჰყვა. ქალაქის ბიუჯეტისთვის გაწერილი თანხები, როგორც ეკონომისტები აფასებენ, თითქმის 80%–ით არის გაზრდილი, რის ხარჯზეც ამ დროისთვის ადგილობრივი ბიუჯეტი 63 მლნ. ლარს შეადგენს.

შეხვედრაზე შეკრებილმა საზოგადოებამ ადგილობრივ ბიუჯეტში თანხების გაზრდა დადებით მოვლენად შეაფასა. თუმცა ისიც აღინიშნა, რომ განხორციელებული ცვლილებები ბიუჯეტის არასწორ დაგეგმარებაზე მეტყველებს. „ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელთა განმარტებით, კარგი იქნება, თუ ადგილობრივ თვითმმართველობაში ბიუჯეტის დაგეგმარებას უფრო მეტ დროს დაუთმობენ.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებისა  და ჟურნალისტების აზრით, შეხვედრაზე წარმოდგენილი საკითხები მათთვის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავდა. ამიტომ, ამ ტიპის ინფორმაციას, აუცილებელია ქუთაისის ყველა მოქალაქე ფლობდეს.

„ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის“ ქუთაისის ფილიალი პროექტს „ჩაერთე შენი ქალაქის მართვაში USAID - ის მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის მიზანი სწორედ საკუთარი ქალაქის მართვაში მოქალაქეების აქტიურად ჩართვაა. ,,ჩვენი პროექტის ფარგლებში საზოგადოებას ექმნება საშუალება, იცოდნენ უფრო მეტი საკუთარი ქალაქის შესახებ. აუცილებელია ეს ინფორმაციები ყველასათვის ცნობილი იყოს. რადგან ადამიანს მეტი შეუძლია, როცა ბევრი იცის“, - ამბობს  „ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის“ იმერეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი პაატა კლდიაშვილი.

,,ძალიან საინტერესეო შეხვედრა იყო. ყველას უნდა ჰქონდეს მისაწვდომი ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა იცვლება ბიუჯეტში და როგორ მიმდინარეობს მისი მონიტორინგი. ჩვენ, როგორც არასამთავობო ორგანიზაციები, ყოველთვის დიდი ყურადღებით ვეკიდებით ამ ინფორმაციებს. უარყოფითი მხარე ბიუჯეტის ცვლილებებთან დაკავშირებით, ჩემი აზრით, დაგეგმარებაა. ხოლო ის, რომ ბიუჯეტი გაიზარდა თავისთავად დადებითი მოვლენაა“, - ამბობს „მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის“ ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელი ნუგზარ კოხრეიძე.

ავტორი: ანა ჯანაშია