|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პარლამენტის მშენებლებს ხელფასები მისცეს, ხელშეკრულებები – არა

ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის მშენებლობაზე დასაქმებულ მუშებს კუთვნილი ხელფასები მისცეს. თუმცა მუშებთან დაკავშირებით პრობლემა კვლავ რჩება, მათი დასაქმების დამადასტურებელი ხელშეკრულებების სახით.  

ქუთაისში, საკანონმდებლო ორგანოს მშენებელმა მუშებმა 2 თვის სახელფასო დავალიანების გასტუმრების მოთხოვნით, აქცია გასულ კვირაში, პარასკვევს გამართეს. „პარლამენტის მშენებლობაზე ერთ–ერთი  მსხვილი გადამხდელი კომპანია „მაგის ტილია“. მუშებს სწორედ ამ კომპანიის წარმომადგენლებთან ჰქონდათ პრეტენზია. აქციის შემდეგ, მუშებს ხელფასები დაერიცხათ. თუმცა, აქ მეორე პრობლემა არსებობს, რომელიც მუშების სამუშაო კონტრაქტებს უკავშირდება. დასაქმებულების თქმით, ხელშეკრულებები გაფორმებული აქვთ, თუმცა თავად არ უნახავთ. სამწუხაროდ, დღეს ისეთი ვითარებაა, ადამიანი სამუშაოს პოვნაზეა ორიენტირებული და ხელშეკრულებას დიდ ყურადღებას არ აქცევს. ეს კი ხშირად მათ საწინააღმდეგოდ მოქმედებს,“ – ამბობს საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელი ირაკლი იობიძე.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისში საქართველოს პარლამენტის მშენებლობა 2009 წლის დეკემბერში დაიწყო. სამუშაოებს კომპანია „მაგი სტილი“ აწარმოებს, რომელთა წარმომადგენლები მედიასთან კომენატარს არ აკეთებენ.

ქუთაისში, საკანონმდებლო ორგანოს მოწყობა მიმდინარე წლის შემოდგომაზე, ახალი პარლამენტის შეკრებისთვის უნდა დასრულდეს.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე