|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საზოგადოებრივი ტუალეტი ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში [Video]

ქუთაისის ცენტრალურ სკვერში, აკაკი წერეთლის ძეგლის უკან საზოგადოებრივი ტუალეტი შენდება. საპირფარეშოს ცენტრალურ ბულვარში, ოპერის თეატრისა და ფანტანების გარემოცვაში მოწყობას ქუთაისლები მწვავედ აკრიტიკებენ.

მათი აზრით, ის ფაქტი, რომ ქალაქში რიგით მეოთხე საზოგადოებრივი საპირფარეშო ეწყობა დადებითია, თუმცა მათივე თქმით, მშენებლობა არარეკომენდირებულ ტერიტორიაზეა დაგეგმილი.

ცენტრალური ბულვარის ტერიტორიაზე მყოფი ქუთაისლები ამბობენ, რომ მათთვის ბაღი ერთადერთი მოსასვენებელი ადგილია, სადაც საპირფარეშოს მოწყობა ანტისანიტარიულ პრობლემებს შეუქმნით. ,,აქ ანტისანიტარიის ბუდე იქნება, როგორი კეთილმოწყობითაც არ უნდა ააშენონ ტუალეტი. ერთი მოსასვენებელი ადგილი გვვაქვს და იქნებ ესეც მოგვისპონ. გარდა ამისა, ასეთ სკვერში, სადაც წინ ოპერაა,  უკან კი აკაკის ძეგლი გიდგას, რა უნდა შუაში ტუალეტს?!“– ამბობს ქუთაისში მცხოვრები თამაზ ტომარაძე.

ქუთაისის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურში განმარტავენ, რომ საზოგადოებრივი ტუალეტებისთვის ტერიტორიის შერჩევა მოქალაქეების თხოვნის საფუძველზე განხორციელდა. არქიტექტურის სამსახურის უფროსის ვასილ მებურიშვილის თქმით, ცენტრალურ სკვერში საპირფარეშოს აშენების შესახებ განცხადებაც, აღნიშნულ სკვერში ხშირად მსხდომმა მოქალაქეებმა შეიტანეს.

ქუთაისში, საზოგადოებრივი საპირფარეშოების მშენებლობა, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების ქუთაისის სერვის ცენტრმა სამი თვის წინ დაიწყო.

ქალაქის სხვადასხვა უბანში სულ სამი საზოგადოებრივი ტუალეტი მოეწყო: ჯავახიშვილის ქუჩაზე, ავტოქარხანაში და წითელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე. თუმცა დასრულებული, კეთილმოწყობილი და ევროსნატდარტებით აშენებული საპირფარეშოებით, როგორც აღმოჩნდა, ამ დრომდე არცერთ მოქალაქეს არ უსარგებლია.

,,ჯერჯერობით არ არის გარკვეული ტუალეტების ფუნქციონირებას რა მეთოდით გაუწევენ ზედამხედველობას. შეიძლება ეს ვალდებულება რომელიმე ცალკე კომპანიამ აიღოს, ან სულაც გადახდის სისტემა აპარატით მოეწყოს. რაც შეეხება საპირფარეშოების გახსნას, აგვისტოს ბოლოს უკვე ყველა საპირფარეშო გაიხსნება და ამუშავდება“, – ამბობს ქუთაისის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ვასილ მებურიშვილი. 

ავტორი: ანა ჯანაშია