ქუთაისის პარლამენტთან წიწაკა და პომიდვრები „არ გაახარეს“
ქუთაისში, პარლამენტთთან, მთავრობის სახლსა და კონტროლის
პალატას შორის გაშენებული ბოსტანი „მთავრობამ დაიწუნა“. შედეგად, პომიდვრები და წიწაკა
მუშებმა გადათხარეს.
როგორც ირკვევა, ქუთაისში, სამთავრობო უბანში ბოსტნის
გაშენების იდეა აქ მომუშავე მუშებს ეკუთვნით. როგორც ისინი ამბობენ, ცარიელი ტერიტორიის ათვისება გადაწყვიტეს.
სათესლე მასალა მოიტანეს და დათესეს.
„მუშებმა ვთქვით, რომ ბოსტანი გაგვეკეთებინა. ასეც მოვიქეცით. საღამოობით
წყალი მოგვქონდა და ვრწყავდით. პომიდორი ავაკარით და ვუვლიდით. ეს ამბავი რომ
გახმაურდა, მუშებს აათხრევინეს,“ – ამბობენ ტერიტორიაზე დასაქმებულები.
სამთავრობო უბანში, ბოსტანი იმ ტერიტორიაზე იყო გაშენებული,
რომლის გამწვანებაც უნდა მოხდეს. როგორც მუშები ამბობენ, პომიდვრებსა და წიწაკას გაუფრთხილდნენ და ტერიტორიის
გამწვანება დროებით გადადეს.
მუშების მეორე
ნაწილი ბოსტანზე ხუმრობით საუბრობს. მათი თქმით, ბოსტანი საქართველოს პარლამნეტის მეშვიდე
სართულზეც არის გაშენებული, თუმცა იქ პომიდვრისაგან განსხვავებით, კიტრი დათესეს.
„მიშას არ მოეწონა
მწვანილი. ამიტომ, პომიდორი მიშამ ათხარა,
წიწაკა ბიძინამ,“ – ხუმრობენ მუშები.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე