მთავრობა დროებით იმერეთში გადმოსახლდა
დასაქმება, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა და სოფლის მეურნეობის
განვითარება – ასე გამოიყურება საქართველოს მთავრობის სამოქმედო გეგმის პრიორიტეტები.
აღნიშნულ გეგმაზე მინისტრებმა დღეს, ქუთაისის
მთავრობის სახლში გამართულ სხდომაზე ისაუბრეს.
„ჩვენი მიზანია სამოქმედო გეგმა გავაცნოთ ხალხს, რომ
მათ იცოდნენ რას აკეთებს მთავრობა და ხალხმა მიიღოს მეტი სარგებელი,“ – აღნიშნა პრემიერ–მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა.
პრემიერ–მინისტრის თქმით, მთავრობა იმერეთში კვირის
ბოლომდე დარჩება. ამ ხნის განმავლობაში ისინი სოფლებსა და რაიონებში მოსახლეობას მთავრობის
სამოქმედო გეგმას გააცნობენ.
„ჩვენ ვაპირებთ თითოეულ სოფელსა და რაიონში არსებული
პრობლემების გარკვევას. ვანსა და ხარაგაულში დაიწყება ახალი საავადმყოფოების მშენებლობა.
ვაპირებთ შევხვდეთ ჩვენს გლეხებს და გავაცნოთ სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული ჩვენი
გეგმები. ვაპირებთ ძალიან აქტიურ მუშაობას ქუთაისში დასაქმების კუთხით. უკვე დაიწყო
მოსახლეობის აღწერები. განათლების მინისტრი ჩამოივლის იმ სკოლებსა და დაწესებულებებს,
რომელთაც რეაბილიტაცია სჭირდება. ამის შემდეგ ჩვენ გვექნება ზუსტი ინფორმაცია რა კორექტივები
შევიტანოთ და როგორ დავგეგმოთ ჩვენი ბიუჯეტი,“ – განაცხადა მერაბიშვილმა.
მთავრობის რიგით მეორე სხდომა ქუთაისში, დაახლოებით
ნახევარ საათს გაგრძელდა. ქუთაისის მთავრობის სახლში მობილიზებული იყვნენ ქალაქის,
მხარისა და რაიონების გამგებლები. პრემიერ–მინისტრის თქმით, სხდომის შემდეგ თითოეულმა
მინისტრმა დავალებები მიიღეს. მათი ნაწილი თბილისში დაბრუნდება, ნაწილი კი სოფლებსა
და რაიონებში მოსახლეობას შეხვდება.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე