"ეკოლოგიური სამართლის ცენტრი" გოგა ხაჩიძის გადაყენებას ითხოვს
newpress.ge–ის მიერ გავრცელებული ვიდეო მასალის შემდეგ, სადაც ქუთაისში, მინისტრ გოგა ხაჩიძის საკონცერტო სცენაზე გამოსვლის კადრებია ასახული, მისი თანამდებობიდან გადაყენება მოითხოვეს. გარემოს დაცვის მინისტრის გადაყენებას "ეკოლოგიური სამართლის ცენტრი" ითხოვს.
„იმ დროს,
როდესაც ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალში ასობით ჰექტარი ტყის მასივი
ნადგურდებოდა, გარემოს დაცვის მინისტრი ქუთაისში სალომე ქათამაძესთან ერთად
კონცერტზე გამოდიოდა და დოლს უკრავდა. გოგა ხაჩიძე, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ ვერ
გამოვიდა თავისი წინა ამპლუიდან და კვლავაც შოუ-ბზნესში ჰგონია თავი,“ – აცხადებენ
ორგანიზაციაში.
”ეკოლოგიური
სამართლის ცენტრის” თავმჯდომარის, ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სწორედ ხაჩიძის
უწყების დამსახურებაა ის, რომ ვაშლოვანში 1000 ჰა-ზე მეტი ტყის მასივი განადგურდა
და არსებობს საფრთხე, რომ ცეცხლის კერები სხვა ადგილებშიც გაჩნდება, ვინაიდან მისი
უწყების მიერ წლებია არ გატარებულა ხანძარსაწინააღმდეგო ღონსძიებები.
„იმის მაგივრად, რომ მინისტრს ხანძართან ბრძოლაში მონაწილეობა მიეღო, იგი ქუთაისში კონცერტზე ერთობოდა, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ვერ ართმევს თავს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს და თავისი დღევანდელი თანამდებობა მხოლოდ პირადი მიზნების მისაღწევად და გასართობად სჭირდება,“ – ნათქვამია განცხადებაში. იქვე აღნიშნულია, რომ ხაჩიძის მინისტრობის პერიოდში საქართველოს ეკოსისტემა ყოველდღიურად მნიშვნელოვან ზიანს განიცდის გარემოს დაცვის სამინისტროს დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად. „აქედან გამომდინარე, ,,ეკოლოგიური სამართლის ცენტრის’’ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავნაძე გოგა ხაჩიძის დაუყოვნებლივ გადაყენებას მოითხოვს,“ – აღნიშნულია ”ეკოლოგიური სამართლის ცენტრის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გარემოს დაცვის მინისტრის გოგა ხაჩიძის სცენაზე გამოსვლისა და მის მიერ კომპოზიციის შესრულების ამსახველი ვიდეო მასალა newpress.ge-მ დღეს გაავრცელა. მინისტრი 1 აგვისტოს, ქუთაისში მომღერალ სალომე ქათამაძის მიერ გამართულ კონცერტს შეუერთდა.
კონცერტის ამსახველი კადრები:
http://newpress.ge/index.php?page=4&staties_id=154
ავტორი: თეა ზიბზიბაძე