|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გუშინდელი კონცერტის შემდეგ, მინისტრმა ხაჩიძემ ქუთაისში მუხრანის ტყე დაასუფთავა

,,პოლიეთილენის პაკეტი ბუნების მტერია“ – ამ სახელწოდებით ქუთაისში, მუხრანის ტყეში აქცია მოეწყო, რომელშიც სტუდენტებთან ერთად მონაწილეობა გარემოს დაცვის მინისტრმა გოგა ხაჩიძემ მიიღო. მან სტუდენტებთან ერთად ქუთაისის შემოგარენში არსებული მუხრანის ტყე საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაასუფთავა.

მინისტრის განცხადებით, მსგავი ადგილები ტურისტებისთვის მიმზიდველია, თუმცა დაბინძურებული გარემო ხელს უშლის მათ მოზიდვას. ხაჩიძის თქმით, აქცია ერთმანეთის დახმარებას ითვალისწინებს, რათა ხალხმა მეტი სარგებელი მიიღოს.

,,ძალიან მალე დადგება დრო, როცა ქუთაისში, ისევე როგორც სხვა რეგიონებში, იქნება ძალიან კარგი ნაგავსაყრელები და ასეთი პრობლემა აღარ იქნება. პირდაპირ ხელიდან გამოგვართმევენ ნაგავს. მაგრამ ახლა, როცა ასეთი სიტუაციაა, უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს და უნდა დავასუფთაოთ. ეს არის ძირითადად ტურისტული ადგილები და აქ თუ ტურისტი არ მოვიდა, არ ესიამოვნა და ნაგავში შემოვიდა, ხალხი ვეღარ ნახავს სარგებელს“ – აღნიშნა გოგა ხაჩიძემ.

აქციაში საზაფხულო დასაქმებაში ჩართულმა 60–მდე სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. მსგავსი აქციები საქართველოს მასშტაბით გარემოს დაცვის სამინისტროს ინიციატივით წლებია ხორციელდება და მისი მიზანი სუფთა გარემოს შენარჩუნებაა.

შეგახსენებთ, რომ გარემოს დაცვის მინისტრი, ისევე როგორც სხვა მინისტრები, პრემიერ–მინისტრის, ვანო მერაბიშვილის დავალებით, იმერეთში კვირის ბოლომდე დარჩებიან. მერაბიშვილის თქმით, მინისტრები მთელს იმერეთს მოივლიან, შეხვდებიან მოსახლეობას და მათ პრობლემებს მოისმენენ.

ეს დავალებები პრემიერ–მინისტრმა 1 აგვისტოს, ქუთაისში გამართულ მთავრობის სხდომაზე გასცა. დღის ბოლოს კი გარემოს დაცვის მინისტრმა, საქმიანი შეხვედრების დასრულების შემდეგ, გართობა გადაწყვიტა.  გოგა ხაჩიძე გუშინ, ქუთაისში, მომღერალ სალომე ქათამაძის კონცერტის მიმდინარეობისას სცენაზე ავიდა და საკუთარი ინსტუმენტით  კომპოზიციები შეასრულა. ხაჩიძის კონცერტზე გამოსვლის ვიდეომასალა newpress.ge–მ დღეს გაავრცელა.


ავტორი: ხათუნა მაისურაძე