დევნილთა საჭიროებების შემსწავლელი პროგრამის განხორციელება დაიწყო
დევნილთა საჭიროებების შემსწავლელი პროგრამა გააცნო
დღეს დევნილთა და განსახლების მინისტრმა დალი ხომერიკმა ქუთაისში, ყოფილ 22 - ე ბაღში
მცხოვრებ ნუცუბიძეების ოჯახს. ახალი პროგრამის მიზანი დევნილთა ჩართულობით მათი საჭიროებების
გამოვლენა და სამინისტროსა და დევნილებს შორის არსებული კომუნიკაციის გაუმჯობესებაა.
„პროგრამა ითვალისწინებს ადგილებზე დევნილების გამოკითხვას,
რომელიც რამდენიმე მიმართულებისაა. ეს არის მათი საჭიროებების გაცნობა, რა შეიძლება
გავაკეთოთ მეტი მთავრობის პრიორიტეტული მიმართულებების ფარგლებში. ჩვენი მიზანია დასაქმების
შესაძლებლობების გაზრდა, ჯანდაცვის უზრუნველყოფა და ხელმისაწვდომობა. სოფლად მცხოვრები
დევნილებისთვის მეტი ხელშეწყობა, რომ ისინი უფრო აქტიურად იყვნენ ჩართულები სოფლის
მეურნეობაში. აუცილებელია გაიზარდოს კომუნიკაცია დევნილებსა და სამინისტროს შორის,
რათა მომვალში შევძლოთ ეფექტური პროგრამების განხორციელება“ - აღნიშნა დალი ხომერიკმა.
,,ოთხი წელია აქ ვცხოვრობთ. უამრავი პრობლემა გვქონდა
და გვაქვს, სახურავი უკვე გამოგვიცვალეს და როგორც მინისტრმა გვითხრა, რეაბილიტაციაც
განხორციელდება ამ ობიექტზე, რაც ძალიან სასიხარულოა“- აღნიშნა რომან ნუცუბიძემ.
დევნილთა საჭიროებების შემსწავლელი პროგრამის ფარგლებში
დევნილთა გამოკითხვა დაიწყო. მათი საჭიროებების შესწავლის მიზნით, ინტერვიუერები ყველა
დევნილ ოჯახში უნდა მივიდნენ. 185 ინტერვიუერი
წინასწარ შეირჩა და გადამზადდა, რომლებიც იძულებით
გადაადგილებული პირები არიან.
პროგრამა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით
გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ, ჯანდაცვის სამინისტროს
სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოსთან ერთად ხორციელდება.
ავტორი: ხათუნა მაისურაძე