დასაქმების მინისტრმა ქუთაისლები „ვერ დაამშვიდა“
დასაქმების მინისტრი პაატა ტრაპაიძე, ქალაქის მერთან
ერთად, ქუთაისში დასაქმების მსურველებს შეხვდა.
მოსწავლე ახალგაზრდობის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ე.წ. ,,შრომის ბირჟაზე“ მინისტრმა
უმუშევართა პრობლემები მოისმინა და დასაქმების კუთხით ქვეყანაში დაგეგმილ რეფორმებზე
ისაუბრა. მინისტრის თქმით, პირველ რიგში კადრების გადამზადება მოხდება, რის შემდეგაც
სახელმწიფო უზრუნველყოფს მათ დასაქმებას და ბიზნეს სექტორთან დაკავშირებას. მინისტრის
განცხადებით, სამუშაოს მაძიებელთა ერთიანი ბაზის შექმნა დაწყებულია და სპეციალურმა
აგენტებმა 85 000 ოჯახი უკვე შეისწავლეს.
,,მნიშვნელოვანი სამუშაოს მაძიებლებთან უშუალო კონტქტი
რამდენადაც მტკივნეული არ უნდა იყოს მათი პრობლემები. პერიოდული გადამზადების გარეშე
ძალიან ბევრ ადამიანს ვერ დავასაქმებთ. ეს გადამზადება გააკეთებს იმას, რომ ძალიან
მოკლე დროში სულ სხვანაირად ისაუბრებს ხალხი ამ თემაზე. ჩვენი ამოცანა მათი დასაქმებაა.
ჩვენ ვმუშაობთ ბიზნესის გააქტიურებაზეც და გარანტიას გაძლევთ, რომ ჩვენ დავაკავშირებთ
მათ ერთმანეთთან,“ – აღნიშნა პაატა ტრაპაიძემ.
სამუშაოს მაძიებლებმა მინისტრთან დასაქმების კუთხით
არსებულ პრობლემებზე კრიტიკულად ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ დღეს არსებული ანაზღაურებით
ოჯახების რჩენა უჭირთ. დასაქმების მსურველები კრიტიკუად განეწყვნენ გადამზადების პროგრამის
მიმართაც.
,,დავბერდი ამ ხელობაზე მუშაობით და აწი რა უნდა მასწავლონ.
ეს ტყუილა დროის კარგვაა. ვიცი, წავლენ და არაფერი შეიცვლება. არ გვჯერა და არ გვაქვს
იმედი“ – ამბობდნენ დასაქმების მსურველები.
,,სამუშაო არაფერი გვაქვს. ექვსსულიანი ოჯახი ვართ,
მეუღლე დავარდნილი მყავს. ხელობა ვიცი, სანტექნიკას ვაკეთებ, ლამინატს ვაგებ. ნებისმიერ
ხელობაზე შემიძლია მუშაობა, მაგრამ არავინ ყურადღებას არ გვაქცევს. 300–400 ლარზე ვერ
ვიმუშავებ. ძალიან დაბალია ეს ანაზღაურება, ჩემ ოჯახს გამოსაკვებადაც არ ეყოფა“ – ამბობს
ზურაბ ბასილაძე.
პაატა ტრაპაიძის თქმით, თუკი ქვეყანაში დასაქმების გარეშე
დარჩენილი ადამიანებისთვის უმუშევართა სტატუსი ოფიციალურად ჩამოყალიბდება, სპეციალური
ანაზღაურებაც დაწესდება. თუმცა, თანხის ოდენობა და სტატუსის დაწესება ჯერჯერობით გადაწყვეტილი
არ არის.
ავტორი: ხათუნა მაისურაძე