|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დავით კლდიაშვილის სახლ–მუზეუმის რესტავრაცია იგეგმება

ხელფასების გაზრდა, მუზეუმის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და ღირსეული სამუშაო გარემოს შექმნა – ეს დაპირებები კულტურის მინისტრმა ნიკა რურუამ, ზედა სიმონეთში დავით კლდიაშვილის სახლ–მუზეუმის თანამშრომლებს მისცა. მინისტრის თქმით, უახლოეს მომავალში მუზეუმი კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავა. ასევე, სექტემებერში იგეგმება კლდიაშვილის 150 წლის იუბილის გრანდიოზულად აღნიშვნა.

,,იუბილესთან დაკავშირებით უამრავი სტუმარი გვეყოლება. ვგეგმავთ ბევრ ღონისძიებას. მუზეუმში მუშაობენ ადამიანები, ვისაც ჯერჯერობით ძალიან დაბალი ანაზღაურება აქვთ. ვფიქრობთ, ხელფასების გაზრდას. ეს მშვენიერი კარმიდამო უნდა იყოს თანამედროვე მუზეუმად ქცეული და მუზეუმი უნდა იყოს აღჭურვილი როგორც შეეფერება 21 – ე საუკუნეს. ყველაფერი სარესტავრაციოა და იუბილის ჩატარების შემდეგ, პირადად ვარ დაინტერესებული კარგად რესტავრირდეს“ –  აღნიშნა ნიკა რურუამ.

დღესვე, მინისტრი ბაღდათში, რევაზ ლაღიძის სახელობის კულტურის ცენტრს ესტუმრა, სადაც კულტურის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა და ცენტრს საკონცერტო განათება–გახმოვანების აპარატურა გადასცა. სერტიფიცირებული ანსამბლი ,,ბაღდათი“ კი მინისტრმა მუსიკალური ინსტრუმენტებით დაასაჩუქრა, ხოლო სახელოვნობო სკოლის პედაგოგებს რურუამ დამსახურებული პედაგოგის წოდება მიანიჭა და სერტიფიკატები გადასცა. 

ავტორი: ხათუნა მაისურაძე