|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რაზე ესაუბრებოდა პრეზიდენტი საგანგებოდ შეკრებილ ქუთაისლებს?

ქუთაისში მყოფი საქართველოს პრეზიდენტი დღეს,  ავტოქარხნის დასახლებაში, ე.წ. „პრახადნოისთან“  მოსახლეობას შეხვდა. მიხეილ სააკაშვილმა მათ სამთავრობო პროგრამებზე ესაუბრა.

„გვითხრა, რომ რაც დაგპირდა, ყველაფერი შეასრულა. სოფლებში ტრაქტორები გაგზავნეს, ოჯახები 1 000-ლარიან ვაუჩერს მიიღებენ, საუბარი იყო დასაქმებაზე და ძირითადად არჩევნებზე,“ - ამბობენ შეხვედრის მონაწილე მოქალაქეები.

როგორც ირკვევა, პრეზიდენტთან  შესახვედრად ადგილობრივმა ხელისუფლებამ ხალხის მობილიზება წინასწარ მოახდინა. 

გარდა ამისა, დილიდან ქუჩებს განსაკუთრებული მონდომებით ასუფთავებდნენ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები. შეხვედრის ადგილას იმყოფებოდნენ ძალოვნები, დაცვის სამსახურის თანამშრომლები,  სასწრაფო დახმარებისა და სახანძრო სამსახურის მანქანები.

მონდომების მიუხედავად,  როგორც სჩანს, პრეზიდენტის ვიზიტმა სასურველი შედეგი ვერ გამოიღო, რადგან მოქალაქეების ნაწილი სახლებში გულდაწყვეტილი ბრუნდებოდა.

„აქ რომ მოგვიყვანეს, გვითხრეს, რომ პრეზიდენტთან საუბრის საშუალება მოგეცემათო, მაგრამ მოგვატყუეს. პრეზიდენტი ცოტა ხანს გაჩერდა. ზოგიერთს გაუმართლა და  წერილის გადაცემა მოახერხა.  ბევრმა ესეც ვერ შეძლო.  ზოგიერთი კი ისე იყო მოსული, პრეზიდენტის ლაპარაკი წესიერად არც მოუსმენია“ - ამბობენ მოქალაქეები.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე კვირაში  პრეზიდენტის გარდა, ქუთაისს მინისტრთა კაბინეტიც სტუმრობს.  როგორც 1 აგვისტოს  ქალაქში გამართულ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, მინისტრები იმერეთში კვირის ბოლომდე დარჩებიან და მოსახლეობის პრობლემებს მათთან შეხვედრების გზით დაადგენენ. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე