„ზესტაფონის საკრებულოში სერიოზული ადმინისტრაციული კოლაფსია“
ზესტაფონის საკრებულოს წევრი, ,,ახალი მემარჯვენეების“ მაჟორიტარობის კანდიდატი კახა შავგულიძე ადგილობრივ
ხელისუფლებას სოციალური პაკეტების დაკნინებასა და ბიუჯეტის სახსრების უკანონო ხარჯვაში
ადანაშაულებს. მისი თქმით, მუნიციპალიტეტის ყველა სტრუქტურა „ნაციონალური მოძრაობის“
შტაბის მუშაობაშია გადართული და სახელისუფლებო-ადმინისტრაციული რესურსი მაქსიმალურად
იხარჯება მმართველი პარტიის სასარგებლოდ. ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებები კი, „ნაციონალების“
პიარ - კამპანიაზეა მორგებული.
,,საკრებული ზესტაფონში არის ბუტაფორია, სადაც არ არის
საზოგადოებრივი ჩართულობა. „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბის უფროსად მოაზრებული
საკრებულოს თავმჯდომარე უმეტესად არ ცხადდება სამსახურში. მისი აღვირახსნილობა, არაკოლეგიალურობა
იმდენად გასცდა კანონს და ეთიკის ნორმებს, რომ 1 აგვისტოს დაჩქარებული წესით, საკრებულოს
წევრების შეუტყობინებლად ჩაატარა საკრებულოს სხდომა ბიუჯეტში ცვლილებების თაობაზე.
ამის პასუხად კი გვითხრა, რომ დრო არ ჰქონდა და არ ჩათვალა საჭიროდ საკრებულოს წევრების
ინფორმირება“ - აღნიშნა ზესტაფონის მაჟორიტარობის კანდიდატმა კახა შავგულიძემ.
ზესტაფონის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ მასხარაშვილი
კახა შავგულიძის ბრალდებებს პროვოკაციას უწოდებს. ამბობს, რომ ის 9:00 საათიდან 21:00
საათამდე სამსახურშია: „შემდეგ მუშაობაში ვის დავეხმარები ეს არავის საქმეა. რაც შეეხება
საკრებულოს სხდომების ჩატარების შესახებ განცხადებას, ის ერთი კვირით ადრე გამოიკვრება,
ხოლო დეპუტატებს ვუკავშირდებით საკრებულოს აპარატიდან. კახა შავგულიძეს არ დავუკავშირიდით
იმიტომ, რომ ვიცოდით, ის პირად საქმეზე იყო გასული,“ – ამბობს მერაბ მასხარაშვილი.
კახა შავგულიძის თქმით კი, იქედან გამომდინარე, რომ
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის თვითმართველობაში შექმნილია სერიოზული ადმინისტრაციული
კოლაფსი, აუცილებელია ამის შესახებ ეცნობოს არასამთავრობო სექტორს, უცხოელ დამკვირვებლებს,
მედია - მონიტორინგის სამსახურებს, რათა დაინტერსედნენ ზესტაფონში არსებული მდგომარეობით
და მოახდინონ რეაგირება.
ავტორი: ხათუნა მაისურაძე