"ბიუჯეტიდან ფული უკვე გაკეთებულ საქმეზე იხარჯება"
პარტია ,,თავისუფალი საქართველოს“ ქუთაისის ორგანიზაცია
სტუდენტური დასაქმების ფარგლებში, ქუთაისში საბინაო ფონდების აღწერას აპროტესტებს.
ორგანიზაციის ხელმძღვანელის, გოგი წულაიას თქმით, საბინაო ფონდის მოვლა–პატრონობა მერიის
საბინაო სამსახურის კომპეტენციაა. იგივე ფუნქციის მატარებელია პროგრამა ,,კორპუსი“
და მერიის ტერიტორიული ორგანოები. მისივე განცახდებით, ბიუჯეტიდან თანხები არამიზნობრივად
იხარჯება, რადგან აღწერა უკვე ჩატარებულია კორპუსებში, სტუდენტები კი ანაზღაურებას
იგივე საქმიანობაში იღებენ.
,,უაზრობას აკეთებინებენ, ეს სამუშაო უკვე შესრულებულია.
მაგრამ რაღაც ხომ უნდა მოეფიქრებინათ. იფლანგება ბიუჯეტის თანხა. ეს არის სისხლის სამართლის
დანაშაული. მინდა მოვუწიდო ამ სტუდენტების მშობლებს, გამოიყვანონ შვილები ამ პროგრამიდან
და ნუ გარყვნიან, ნუ დაუმახინჯებენ სულს“ – აღნიშნა გოგი წულაიამ.
ქუთაისის მერიის საბინაო სამსახურში ამბობენ, რომ სტუდენტები
იმ კორპუსებს აღწერენ, რომლებიც ჯერ შესწავლილი არ არის და გამოკითხვას იმისთვის ატარებენ,
რომ თანხები საჭიროებისამებრ იქნას გათვალისწონებული მომავალი წლის ბიუჯეტში.
,,საზაფხულო დასაქმებაში მონაწილე სტუდენტებისთვის გვაქვს
ჩამონათვალი, რაც დავავალებთ მათ. ეს არის
საცხოვრებელი სახლების მისამართების დადგენა, ასევე, რა სჭირდება მოსახლეობას – ეზოების კეთილმოწყობა, კომუნიკაციების გაყვანა და
ა. შ. რაც საბინაო ფონდს ეხება. ამ ყველაფრის გავლის შემდეგ, ვაკეთებთ ერთიან მონახაზს,
რა უნდა გავითვალისწინოთ მომავლ ბიუჯეტში, ვის რა უნდა გაუკეთდეს პროგრამა „კორპუსის“
ფარგლებში. კიდევ არის დარჩენილი კორპუსები, სადაც აღწერა ჯერ არ გაკეთებულა. ეს სტუდენტები
თავად ნახულობენ სად არ არის გაკეთებული“ – ამბობს მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის
მართვის და განვითარების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ აბულაძე.
ავტორი: ხათუნა მაისურაძე