|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბონდო შალიკიანის მკვლელობის შესახებ მის ოჯახს დაზუსტებული ინფორმაცია არ აქვს

საქართველოს ყოფილი პარლამენტის წევრის, ბონდო შალიკიანის მკვლელობის შესახებ ოჯახის წევრებს ამ დრომდე ზუსტი ინფორმაცია არ აქვთ. როგორც შალიკიანის და როზა შალიკიანი ამბობს, მკვლელობის შესახებ ინფორმაცია მათ მედიასაშუალებებიდან შეიტყვეს და დაზუსტებით არაფერი იციან.

მინსკში ბონდო შალიკიანის გარდაცვალებას სხვადასხვა საინფორმაციო საშუალება იუწყება.  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ ინფორმაციას ჯერ ოფიციალურად არ ადასტურებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ბონდო შალიკიანი მინსკში, კავკასიური გარეგნობის მამაკაცთან ერთად მოკლეს.

ბელორუსი სამართალდამცავების ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლის ეზოში, დღეს, 7 აგვისტოს, დაახლოებით 01:10 საათზე განხორციელდა რამდენიმე გასროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან. გამოძიების ვარაუდით, მკვლელობაში რამდენიმე პირი მონაწილეობდა. სამართალდამცავები მუშაობენ შეკვეთილი მკვლელობის ვერსიაზეც.

ბონდო შალიაკიანი ბიზნეს-საქმიანობას ეწეოდა იმერეთში. ის აკონტროლებდა ნავთობპროდუქტების ბიზნესს და მის მფლობელობაში იყო ტელეკომპანიაქუთაისი“.

ტყიბულის ყოფილი მაჟორიტარი ბონდო შალიკიანი 2004 წელს სპეცოპერაციისას დააკავეს და ბრალად ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა ედებოდა.

ბოლო რამდენიმე წელია შალიკიანი საზღვარგარეთ ცხოვრობს.

ავტორი: ხათუნა მაისურაძე