|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთში საარჩევნო პროცესების მონიტორინგი იწყება

წინასაარჩევნო და არჩევნების შემდგომ პერიოდში მოსახლეობის პრობლემების გამოკვეთა, საარჩევნო კოდექსში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით მოსახლეობის ინფორმირება, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს გაძლიერება და საარჩევნო სუბიექტების პროგრამების მონიტორინგი –  ასე გამოიყურება იმ  პროექტების მიზნები, რომლებსაც „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“  ქუთაისის ფილიალი ახორციელებს.

პროექტების – „იცოდე ვის და რისთვის ირჩევ“, „ჩემი ხმა პარლამენტში“  მიზნები ერთმანეთის მსგავსია.  როგორც საიას ქუთაისის ფილიალის წარმომადგენლებმა აღნიშნული პროექტების პრეზენტაციაზე განაცხადეს,  მათი  მიმდინარეობისას ორგანიზაცია ფოკუს ჯგუფების გამოკითხვის მეშვეობით იმერეთის თითოეულ მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების გამოკვეთას და მათი საარჩევნო სუბიექტებისათვის გაცნობას გეგმავს. ამის შემდეგ კი მონიტორინგს განახორციელებენ   იმის დასადგენად, რამდენად მოხდება ამ პრობლემების ასახვა კანდიდატების  საარჩევნო პროგრამებში.  

„ჩვენ იმასაც დავაკვირდებით,   საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრილი  მაჟორიტარი დეპუტატი  რამდენად გაუწევს ლობირებას მოსახლეობის ინტერესებს. ამ პროექტების მოსალოდნელი  შედეგია მოსახლეობა იყოს ინფორმირებული და არჩევანი გააკეთოს არა სპონტანურად, არამედ გაარკვიოს ვის და რისთვის ირჩევს. მოსახლეობის ინფორმირება საჭიროა, რომ ნაკლები იყოს დარღვევები მათი და საარჩევნო სუბიექტების მხრიდან,“ - ამბობს საიას ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარის მოადგილე ნინო თვალთვაძე.

პროექტები - „იცოდე ვის და რისთვის ირჩევ“, „ჩემი ხმა პარლამენტში“ საქართველოში აშშ-ს საელჩოს დემოკრატიის განვითარების მცირე საგრანტო პროგრამა და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

აღნიშნული პროექტების ფარგლებში სამოქალაქო და მედია სექტორისთვის დაგეგმილია ტრენინგები. გარდა ამისა, ამოქმედდება ცხელი ხაზი (0431 2145 85), რომელიც საარჩევნო პერიოდში დაფიქსირებულ დარღვევებს აღწერს და საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით კონსულტაციებს გასცემს.  

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე