ჭიათურაში „ნაციონალები“ მოსახლეობას საკვებსა და სამშენებლო მასალებს ურიგებენ
ჭიათურის ადგილობრივმა ხელისუფლებამ რაიონის მოსახლეობისათვის
სურსათისა და სამშენებლო მასალის დარიგება დაიწყო. ოფიციალურად, დახმარება მიწისძვრით
დაზარალებულებისათვის არის განკუთვნილი.
მმართველი პარტიის მიერ ჭიათურის მოსახლეობის მოსყიდვის
ფაქტზე საუბრობს კოალიცია „ქართული ოცნების“
ჭიათურის მაჟორიტარობის კანდიდატი მალხაზ წერეთელიც. მისი თქმით, ხელისუფლებამ მოსახლეობისათვის
სურსათისა და სამშენებლო მასალის დარიგება 3 დღის წინ დაიწყო.
„აქამდე არ გახსენებიათ ეს ხალხი. მიწისძვრით დაზარალებულები
გომურებსა და ვაგონებში ცხოვრობენ. ხელისუფლება 4 წელიწადში ერთხელ, არჩევნების წინ
თუ გადაუგდებდა მათ 1000 ან 1 200 ლარს. ახლა პროდუქტების დარიგება დაიწყეს. მოსახლეობას
2 ტომარა ფქვილს, 10 კილოგრამ შაქარს და 3 ლიტრ ზეთს ურიგებენ. ნაწილს კიდევ ერთ ტონა
ცემენტს აძლევენ. დახმარების დარიგების პროცესს
„ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებიც
ესწრებიან. განსაკუთრებული აქტიურობა შემიმჩნევა დღეს, როდესაც საარჩევნო კამპანია
და აქტივობა ხელისუფლების მოწოდებით უნდა შეწყვეტილიყო. მათ კი ეს თავის სასარგებლოდ
გამოიყენეს და ისარგებლეს იმით, რომ არავინ არის გასული მოსახლეობასთან შეხვედრებზე“ – ამბობს მალხაზ წერეთელი.
„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ოფიცილურად
დახმარება მიწისძვრით დაზარალებულებისათვის არის გაწერილი, ის ყველა სოფელში რიგდება.
ამის მაგალითად წერეთელს ჭიატურის მუნიციპალიტეტის სოფელი გეზრული მოჰყავს. მისი თქმით,
აღნიშნულ სოფელში 160–მდე კომლია, რომელთაგან 117–მა ხელისუფლების დახმარება მიიღო.
„ეს მაშინ, როდესაც სოფელი გეზრული საერთოდ არ განეკუთვნება
მიწისძვრით დაზარალებულთა ზონას. მიწისძვრით დაზარალებულთა დახმარება ეს მხოლოდ საბაბია,
რადგან ხელისუფლება მასობრივად ახდენს მოსახლეობის მოსყიდვას. აღნიშნულ პროცესს ესწრება
რაიონის გამგებელი გოგი ჩიკვილაძე, რომლეიც ჭიათურაში „ნაციონალების“ მაჟორიტარობის
კანდიდატად მოიაზრება,“ – ამბობს მალხაზ წერეთელი.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე თორნიკე
სილაქაძე მოსახლეობისათვის დახმარებების გაცემასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ მიწისძვრით დაზარალებულთა დახმარების საკითხი ჯერ
არ გადაწყვეტილა და მათ მხოლოდ სამშენებლო
მასალები ურიგდებათ. თუმცა იგივე სილაქაძე დაახლოებით ორი კვირის წინ აცხადებდა, რომ
მიმდინარე წლის ბიუჯეტში ადგილობრივმა ხელისუფლებამ სტიქიით დაზარალებულებისათვის თანხების
მობილიზება მოახდინა.
შეგახსენებთ, რომ საუბარია 21 წლის წინ მომხდარ მიწისძვრაზე,
რომელმაც რაიონი დააზარალა.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე