|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პაატა ზაქარეიშვილი: ,,7 აგვისტო არის ბლეფი“

„7 აგვისტო შეიძლებოდა დამდგარიყო ნებისმიერ დროს 3 ივლისიდან მოყოლებული, როცა დიმიტრი სანაკოევის კორტეჟზე მოხდა თავდასხმა. თუ დადასტურდა, რომ ეს ქართულმა სპეცსამსახურებმა განახორციელეს, ბევრ კითხვას პასუხი გაეცემა და 8 აგვისტოს სხვა თვალით შეხედათ. 7 აგვისტო არის ბლეფი და ერთ–ერთი ეპიზოდი ამ ომის“ – ასე აფასებს ოთხი წლის შემდეგ, კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი 2008 წლის აგვისტოს ომს.  ზაქარეიშვილის თქმით, ომი აგვისტოში არ დაწყებულა და შეუქცევადი პროცესები ჯერ კიდევ ივლისიდან შეინიშნებოდა. კონფლიქტოლოგმა ომის წინა პერიოდსა და მის შემდგომ შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა, ამჯერად, ქუთაისელ აუდიტორიასთან.

,,ივლისიდან უკვე ჰაერში ომის სუნი ტრიალებდა და ვგრძნობდი, რაღაც საშინელება მოხდებოდა. მაქვს ინფორმაცია, რომ ჯარები 30 ივლისს შეიყვანეს რუსებმა ცხინვალის ტერიტორიაზე. ეს იცოდა ხელისუფლებამაც“ – ამბობს ზაქარეიშვილი.

კითხვაზე, თუ ვინ დაიწყო ომი, ზაქარეიშვილი ტალიავინის დასკვნას იშველიებს და ამბობს, რომ იქ ნათლადაა დაფიქსირებული საბრძოლო მოქმედებების ქართული მხრიდან დაწყების ფაქტი.

,,ტალიავინის დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ღია საბრძოლო მოქმედებები ქართული მხარის სამხედერო ოპერაციით დაიწყო, რომელიც განხორციელდა ქალაქ ცხინვალისა და მისი შემოგარენის მიმართუელბით 7 და 8 აგვისტოს ღამით. ოპერაცია საქართველოს მასიური საარტილერიო შეტევით დაიწყო“ – განმარტა პაატა ზაქარეიშვილმა.

კონფლიქტოლოგი ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე სარკოზის დოკუმენტსაც შეეხო და აღნიშნა , რომ ეს არ არის ერთი დოკუმენტი. მისი თქმით, არსებობს სარკოზი – სააკაშვილისა და სარკოზი – მედვედევის დოკუმენტი და ისინი არსებითად განსხვავდება ერთმანეთისგან, რადგან ქართული მხარის დოკუმენტის მეექვსე პუნქტში ამოღებულია სიტყვა ,,საერთაშორისო სატატუსის განსაზღვრება“.

,,მაშინ, როდესაც აღიარებული გვქონდა, რომ საერთაშორისო მხარდაჭერით განვსაზღვროთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტატუსი, უცებ რა მოხდა ასეთი, რომ საქართველო არ ენდო საერთაშორისო თანამეგობრობას. ამ სტატუსის ამოღების შემდეგ მედვედევმა თქვა, რომ საქართველო არ აპირებს ამ ტერიტორიებთან თანამშრომლობას, მათი სტატუსის განსაზღვრებას და იძულებული ვარ, ტერიტორიები დამოუკიდებლად ვაღიარო“ – ამბობს ზაქარეიშვილი. 

ავტორი: ხათუნა მაისურაძე