,,სასმელი წყალი იმდენად ბინძურია, რომ ვყინავთ, ვადნობთ და ისე ვსვამთ“
ქუთაისში, გორას დასახლებაში მცხოვრებლებს წლებია მოუწესრიგებელი კანალიზაციისა და სანიაღვრე სისიტემის პრობლემა აწუხებთ. მოუგვარებელია უბნის დასუფთავების საკითხიც. დაბინძურებული სასმელი წყლის გამო კი, მოსახლეობა იწამლება.
„გორას დასახლებაში სავალალო, კატასტროფული მდგომარეობაა. არ არსებობს საკანალიზაციო სისიტემა. ღიად მიედინება კანალიზაცია და ფეკალური მასები. განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა წვიმების დროს. ნიაღვარი მოდის, იმიტომ რომ არ არის სანიაღვრე ნაგებობები. სასმელი წყლის რეზერვუარი ღია არის, რის გამოც ხშირად იწამლებიან ბავშვები. საქმე გვაქვს ეკოლოგიურ კატასტროფასთან“ – აღნიშნა კოალიცია ,,ქართული ოცნების“ ქუთაისის მაჟოროტარობის კანდიდატმა გუბაზ სანიკიძემ, რომელიც დღეს გორას დასახლების მცხოვრებლებს შეხვდა და მიმდებარე ქუჩის პრობლემებს გაეცნო.
,,წყლის, კანალიზაციის პრობლემები გვაქვს. ირგვლივ სიბინძურე
და ნაგავია. კვირაში ერთხელ მოდის ნაგვის მანქანა. თვენახევარია, ძლივს მივაღწიეთ იმას,
რომ შემოვიდეს. სასმელი წყალი იმდენად ბინძურია, რომ ვყინავთ, ვადნობთ და ისე ვსვამთ.
ბავშვები იწამლებიან“ – ამბობს პეტრიწის ქუჩის მცხოვრები თინა კიკალეიშვილი.
ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში გორას დასახლებაში
არსებულ პრობლემებზე კომენტარს არ აკეთებენ.
ავტორი: ხათუნა მაისურაძე