გუბაზ სანიკიძე: ,,გვაქვს ეჭვი, რომ ,,ელიტა ბურჯი“ სააკაშვილმა შეისყიდა“
,,გვაქვს გონივრული ეჭვი, რომ შპს „ელიტა ბურჯი“ მიხეილ სააკაშვილმა იყიდა“ – ეს განცხადება
კოალიციის ერთ –ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ ქუთაისის ოფისში გამართულ ბრიფინგზე
გააკეთა.
სანიკიძის თქმით, მას ხელში ჩაუვარდა დოკუმენტი, რომელიც
ადასტურებს, რომ კომპანია ,,გამას“ მფლობელი, რომელიც ,,ელიტა ბურჯის“ ახალი მეპატრონეა,
მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებული პირია. ამის დასტურად მან დოკუმენტი წარმოადგინა,
სადაც წერია, რომ 2007 წლის 21 დეკემბერს, მიხეილ სააკაშვილის მინდობილ პირს ლევან
ბეჟაშვილს, სურს შეადგინოს რწმუნებულება, რომლითაც მარწმუნებლის, მიხეილ სააკაშვილის
სახელით შესაბამის უფლებამოსილებას ანიჭებს გიორგი ყავლაშვილს.
,,მე წარმოგიდგინეთ 2008 წლის სასამართლოს გადაწყვეტილება,
სადაც მესამე პირი უნდა ყოფილიყო მიხეილ სააკაშვილი და მისი რწმუნებული არის გიორგი
ყავლაშვილი. გონივრული ეჭვი გვაქვს, რომ სააკაშვილი მონაწილეობს „ბურჯის“ შესყიდვაში,
განადგურებასა და მითვისებაში. იგი არის კლასიკური მეკობრე. გიორგი ყაველაშვილი ყოველთვის
ბნელ საქმებში ფიგურირებს. იგი შავი საქმეების გამკეთებელია. ეს არის ახალი ანტიგმირი
ჩვენს სინამდვილეში“ – აღნიშნა გუბაზ სანიკიძემ.
სანიკიძე ეჭვს გამოთქვამს, რომ შპს. ,,გამა“ სპეცილაურად
,,ბურჯის“ დასაკუთრებისთვის შეიქმნა. შპს. ,,ელიტა ბურჯის“ ახალი მფლობელი კომპანია
,,გამა“ ოფშორულ ზონაში 2012 წლის 26 ივლისაა დარეგისტრირებული. ,,გამამ“ „ბურჯის“
ქონებაში 8 761 000 ლარი გადაიხადა.
შეგახსენებთ, რომ შპს „ბურჯს“ მიმდინარე წლის 7 ივლისს,
თბილისის საქალაქო სასამართლომ კოალიციაში შემავალი პოლიტიკური პარტიების სატრანსპორტო
მომსახურებისა და პარტიული ოფისების გარემონტებისთვის
11 მილიონ 18 ათას 105 ლარის ჯარიმა დააკისრა, ხოლო მიმდინარე თვეში „ ბურჯი“ დაახლოებით
9 მილიონ ლარად გაიყიდა.
ავტორი: ხათუნა მაისურაძე