|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პაატა ზაქარეიშვილი: ,,წყალტუბოში ხალხი სიღარიბეზე ოცნებობს“

კოალიცია ,,ქართული ოცნების“ წყალტუბოს მაჟორიტარობის კანდიდატმა პაატა ზაქარეიშვილმა რაიონის მოსახლეობასთან ერთი კვირის მანძილზე გამართული შეხვედრების შედეგები შეაჯამა. ზაქარეიშვილის შეფასებით, წყალტუბოს რაიონში საშინელი სიდუხჭირეა.

,,ადამიანები ცხოვრობენ არა განვითარებისთვის, წარმატებისთვის, არამედ არსებობისთვის. ხალხი ოცნებობს სიღარიბეზე, რათა მიიღონ შემწეობის თანხა“ – ამბობს მაჟორიტარობის კანდიდატი.

პაატა ზაქარეიშვილმა წყალტუბოს სოფლებში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოსახლეობას გზების, უწყლობის, გაუმართავი სანიაღვრე სისტემების, უმუშევრობისა და კიდევ ბევრი სხვა პრობლემა აწუხებს.  მისი თქმით, არის სოფლები, სადაც არ არსებობს სასწავლო დაწესებულებები და ბავშვების ჩამოყვანა ქალაქში უწევთ. მიწების უმრავლესობა დაუმუშავებელია, რადგან სოფელს არ აქვს ტრაქტორი.

,,მეგონა წყალტუბოში დევნილები იყვნენ ყველაზე საშინელ მდგომარეობაში, მაგრამ აღმოჩნდა, რომ წყალტუბოს რაიონის მთელი მოსახლეობა ასეთ მდგომარეობაშია. წყალტუბოში ცხოვრების პირობები საკმაოდ მძიმეა. საყოველთაო უგზობა და უწყლობაა“ – აღნიშნა ზაქარეიშვილმა.

მაჟორიტარობის კანდიდატის თქმით, წყალტუბოში კორუფცია ჯერ კიდევ არსებობს და თითქმის ყველა ბიზნესი პოლიტიკოსების ხელშია.

,,რაიონს მართავს ელიტური, კლანური კორუფცია. ჩემი მიზანია, რაც ვერ გავაკეთე სააკაშვილის დროს, გავაკეთო ახლა. გავყო ერთმანეთისგან პოლიტიკა და ბიზნესი“  – ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.

კოალიცია ,,ქართული ოცნების“ შტაბის გადაწყვეტილებით, მაჟორიტარობის კანდიდატი ყოველ ორშაბათს ბრიფინგს  გამართავს და განვლილ კვირას შეაჯამებს.   

ავტორი: ხათუნა მაისურაძე