"ათასობით მეწარმე უკანონოდ დააჯარიმეს 100 ლარით"
პარტია ,,თავისუფალი საქართველოს“ ქუთაისის ორგანიზაციაში
მცირე და საშუალო მეწარმეების დაჯარიმების ფაქტს აპროტესტებენ. პარტიის ლიდერის, გოგი
წულაიას განცხადებით, 31 ივლისს შემოსავლების სამსახურმა უკანონოდ, 100 ლარით დააჯარიმა
ათასობით ბიზნესის წარმომადგენელი. დაჯარიმების მოტივად კი, საგადასახადო ორგანოში
წარსადგენი ფინანსური დოკუმენტაცია, კერძოდ, იანვარ-ივნისის ჩათვლით მეწარმეების მიერ გაცემული
და დაკავებული თანხების ჯამი დასახელდა.
,,ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ
მეწარმეებისათვის გაგზავნილი ელექტრონული წერილის პირვანდელი ვერსიით 30 აგვისტო იყო
დოკუმენტების წარდგენის დროდ მითითებული, ხოლო მეორე წერილით 15 აგვისტომდე ჩამოიყვანეს
ეს დრო. არ დაუცადეს 15 აგვისტოს და 31 ივლისს ქუთაისში ათასობით მეწარმე დააჯარიმეს
100 ლარით. მილიონი შემოსავალი მიიღეს ამ სახით წინასაარჩევნოდ“ - ამბობს გოგი წულაია.
newpress–ი ინფორმაციის გადამოწმებას
შემოსავლების სამსახურში შეეცადა. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის
მაკა ფანქველაშვილის თქმით, მსგავსი ფაქტი
მისთვის ცნობილი არ არის და ინფორმაციის დაზუსტებას დაგვპირდა, თუმცა შემდგომ პასუხის
მიღების ყველა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.
პარტია ,,თავისუფალი საქართველო“ გმობს შემოსავლების
სამსახურის ქმედებას და ყველა დაზარალებულ მეწარმეს უფასო იურდიულ დახმარებას სთავაზობს.
ავტორი: ხათუნა მაისურაძე