ადვოკატები "ქართული ოცნების" წევრის ბედს წინასწარ გადაწყვეტილად თვლიან
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ „ქართული ოცნების“
წევრის, სერგო ჩაჩიბაიას ადვოკატების სააპელაციო საჩივრის განხილვა დაიწყო. ზუგდიდის
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჩაჩიბაიას 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა
მიესაჯა. თუმცა ბრალდებულის ადვოკატები თვლიან, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფს დანაშაული
არ ჩაუდენია და ის პოლიტიკური აქტიურობისთვის
დაისაჯა.
სერგო ჩაჩიბაია, რომელიც კოალიცია „ქართული ოცნების“ შემადგენლობაში შემავალი
ერთ–ერთი პოლიტიკური სუბიექტის– „თავისუფალი
დემოკრატების“ რიგებში ირიცხება, სამართალდამცავებმა მიმდინარე წლის 25 მარტს, ზუგდიდში
დააკავეს. გამოძიებამ მას ბრალი ორი მუხლით
წაუყენა. პირველი მუხლი პოლიციისათვის წინააღმდეგობის
გაწევას, ხოლო მეორე ცივი იარაღის ტარებას ითვალისწინებს. ჩაჩიბაიას საქმეში ნივთიერი
მტკიცებულების სახით დანა ფიგურირებს. სასამართლო პროცესზე, ბრალდებულის ადვოკატებმა
სამი შუამდგომლობა დააყენეს.
„ჩვენ მოვითხოვეთ
დანის და პოლიციელის დახეული ქურთუკის გამოკვლევა, რომელსაც დაცვის მხარეს არ აჩვენებენ. ასევე, იმ ნეიტრალური პირების დაკითხვა, რომლებიც
სამართალდარღვევის ფაქტის შემსწრე არიან. რადგან გამოძიება მხოლოდ პოლიციელთა ჩვენებებს
ეყრდნობა. სამწუხაროდ, სასამართლომ ჩვენი არც ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა,“
– ამბობს სერგო ჩაჩიბაიას ერთ–ერთი ადვოკატი შალვა შავგულიძე. დაცვის მხარის საპასუხოდ, ბრალდების მხარე აცხადებდა,
რომ საქმეში არსებული ნივთიერი მტკიცებულებები და მოწმეთა ჩვენებები იმის დადასტურებულ
საფუძველს იძლეოდა, რომ სერგო ჩაჩიბაიამ დანაშაული
ნამდვილად ჩაიდინა.
ჩაჩიბაიას ადვოკატების
სააპელაციო საჩივარზე მსჯელობას სასამართლო 11 სექტემბერს გააგრძელებს. სასამართლოს
ოფიციალური ვერდიქტის არარსებობის მიუხედავად,
ბრალდებულის ადვოკატებს მიაჩნიათ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფის ბედი უკვე გადაწყვეტილია.
„იმის გათვალისწინებით, სასამართლო როგორც უდგება აღნიშნულ საქმეს, ვფიქრობთ, გამამტყუნებელი
განაჩენი დადგება, რადგან სახეზეა პოლიტიკური საფუძველი,“ – ამბობს შალვა შავგულიძე.
სერგო ჩაჩიბაია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე
ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში რჩება.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე