|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რატომ გადაიდო „ქართული ოცნების“ აქტივისტების სასამართლო პროცესი?

ამომრჩევლის მოსყიდვაში ბრალდებული „ქართული ოცნების“ აქტივისტების პროცესი დღეს, უკვე მეორედ  პროკურორის შუამდგომლობით  გადაიდო. მიხეილ მესხის, მიხეილ ამაშუკელის, გაგა ამბროლაძის, ნინო ყურუასა და კობა ჯაბუას საქმეზე სასამართლო  მოსმენა 6 სექტემბერს განახლდება.

„ოცნებელთა“ საქმის არსებით განხილვაზე დღეს, ბრალდების მხარემ ერთი მოწმე წარმოადგინა, რომელმაც წინასწარგამოძიებაში მიცემული ჩვენება დაადასტურა და  განაცხადა, რომ  კოალიციის აქტივისტებმა მას  ბუკლეტი გადასცეს და მასში დაფიქსირებული სურვილის ასრულებას დაპირდნენ.  პროკურორმა პროცესის  გადადება მოითხოვა. მიზეზად კი ის გარემოება დასახელა, რომ  ზაფხულის გათვალისწინებით დანარჩენი მოწმეების წარმოდგენა ვერ მოხერხდა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ ლევან თევზაძემ, რომელიც აღნიშნულ საქმეს განიხილავს, პროცესის გადადების გადაწყვეტილება მიიღო.

„ოცნების“ აქტივისტების პროცესთან დაკავშირებით სასამართლოში დღეს   უსაფრთხოების ზომები გაძლიერებული იყო. საქალაქოს  მანდატურებთან ერთად ვითარებას სააპელაციო სასამართლოდან გადმოყვანილი  მანდატურებიც აკონტროლებდნენ.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ მესხის, მიხეილ ამაშუკელის, გაგა ამბროლაძის, ნინო ყურუასა და კობა ჯაბუას  საქმის არსებითი განხილვა 31 ივლისს,  პროკურორის შუამდგომლობით გადაიდო. მაშინ  ბრალდების მხარემ სათანადო მტკიცებულებების მოსაპოვებლად დრო ითხოვა. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე