|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ცოფის საწინააღმდეგო აცრისთვის საავადმყოფოს ყოველდღიურად აკითხავენ

იმერეთის სამხარეო კლინიკურ სავადმყოფოს ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის ჩატარების მიზნით, მიმდინარე წელს 2 000–მდე ადამიანმა მიაკითხა. აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ, რომ  ძუძუმწოვარი ცხოველების მიერ ადამიანთა დაკბენის შემთხვევები გასულ წელთან შედარებით, მიმდინარე წელს შემცირებულია. ამის მიუხედავად, დაწესებულებას ყოველდღიურად, ქუთაისსა და იმერეთის სხვადასხვა რაიონში მაცხოვრებელი დაახლოებით  20–მდე ადამიანის მიღება უწევს, რომლებიც ვაქცინის ჩატარებას ითხოვენ.

„გასულ წელს, მხოლოდ აგვისტოში, 1 500–მდე ადამიანმა გაიკეთა ვაქცინა. მიმდინარე წელს თვეში საშუალოდ 300–მდე პაციენტი გვყავს, თუმცა ეს არ არის მყარი ციფრი. ზაფხულის პერიოდში ცხოველების მიერ ადამიანებთან კონტაქტის შემთხვევები გაცილებით ხშირია, ვიდრე –ზამთარში.  ადამიანი შეიძლება დაკბინოს, როგორც ძაღლმა, ისე კატამ და ვირთხამ. ნებისმიერ შემთხვევაში ვაქცინა აუცილებელია, რადგან ცხოველის ნერწყვში ცოფის ვირუსია, ეს უკანასკნელი კი ადამიანის გარდაუვალ სიკვდილს იწვევს. ამის რამდენიმე შემთხვევა რომ გახმაურდა, ადამიანებს უკვე ეშინიათ და სავადმყოფოში მოდიან,“ –  ამბობს ექიმი–რაბიოლოგი ვალერიან გახოკიძე.

ექიმების განცხადებით, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინას სახელმწიფო აფინანსებს. ექიმთან ვიზიტის ღირებულება კი (პირველი ვიზიტი 12 ლარი, დანარჩენი–  6 ლარი) პაციენტმა თავად უნდა დაფაროს.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე