|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ღვარსადენების რეაბილიტაციამ ელექტროსისტემა დააზიანა

ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე  მცხოვრებლებს დაახლოებით ორი კვირაა ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება. მოსახლეობის  განმარტებით, შუქი დღის განმავლობაში რამდენჯერმე ითიშება.

„შეიძლება უშუქობა გაგრძელდეს ნახევარი საათი, ერთი საათი ან კიდევ მეტი. მიზეზი ჩვენთვის უცნობია,“ – ამბობენ თაბუკაშვილის ქუჩა #187–ში მცხოვრებლები.

ს/ს „ენერგო პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს ცენტრალურ ფილიალში განმარტავენ, რომ მოსახლეობისათვის  ელექტროენერგიის შეფერხებით მიწოდების მიზეზი კომპანიას არ უკავშირდება.  კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის თეონა გეგუჩაძის თქმით, თაბუკაშვილის ქუჩაზე ელექტროსისტემის დაზიანება  ღვარსადენი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებმა გამოიწვია.

„აღნიშნულ ქუჩაზე ღვარსადენი სიტემის რეაბილიტაციას ქალაქის მერიის დაკვეთით კერძო კომპანიები ასრულებენ, რომელთა მძიმე ტექნიკამ  მაღალი და დაბალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა. შესაბამისად,  ეს ავარია არ იყო გამოწვეული ჩვენს მიერ. სამუშაოების მწარმოებელი კომპანიები გაფრთხილებული არიან, რომ  სიფრთხილით მოეკიდონ სამუშაოებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სპეციალისტები ჩართული არიან ავარიის ლიკვიდაციაში. გამომდინარე იქედან, რომ სამუშაოები მიმდინარეობს და არ არის გამორიცხული, ავარია კვლავ განმეორდეს,“ – ამბობს თეონა გეგუჩაძე. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე