ქუთაისის მერიამ ავტობუსების მძღოლებს სამტრედიაში ხალხის გადაყვანა მოსთხოვა(?!)
ქუთაისში, საქალაქო ტრანსპორტზე მომუშავე ავტობუსებს
„ნაციონალური მოძრაობისა“ და ქუთაისის მერიის დავალებით სამტრედიაში ხალხის გადაყვანა
დაევალათ. საგანგებო დავალებები ქალაქის მერიისგან, არსებული ინფორმაციით, #1 (წრიულ)
საქალაქო საავტობუსო ხაზზე მომუშავე ავტობუსების მძღოლებმა მიიღეს. აღნიშნული დავალების
გამო, ქალაქში ე.წ. „წრიულ“ საავტობუსო ხაზზე საქალაქო
ტრანსპორტით გადაადგილება შეზღუდულია.
მერიისგან მიღებული „დავალებების“ და სამტრედიაში ამომრჩველთა
გადასაყვანად „გასაწევი დახმარების“ თაობაზე ინფორმაციას #200 საქალაქო სამარშრუტო
ხაზზე მომუშავე მძღოლები ავრცელებენ.
,,დღეს
მარჯვენა მხარის „წრიულზე“ მომუშავე 8 ერთეული
ავტობუსი მერიამ წაიყვანა. რამდენადაც ვიცით, ქუთაისის მერიის წარმომადგენლებს სამტრედიაში
აქვთ შეხვედრები და მოქალაქეები გადაჰყავთ. დაახლოებით ერთ საათში კი „წრიული“ ავტობუსები ჩვეულებრივ რეჟმში იმუშავბენ“, – ამბობს #200–ის მიკროსაავტობუსო ხაზზე მომუშავე მძღოლი,
რომელმაც ვინაობის გამხელისგან თავი შეიკავა.
მოქალაქეები შეფერხებული სატრანსპორტო მუშაობის გამო
უკმაყოფილებას გამოთქვამენ. ,,უკვე ეთი საათია ვდგავარ გაჩერებაზე და „წრიულები“,
რომელიც ყოველ ათ წუთში დადის ამ ხნის განმავლობაში არ გამოჩენილა. თუ სადმე არიან
გასულები ამის შესახებ მოსახლეობა ხომ უნდა გააფრთხილონ?! ან ასე ერთად როგორ შეიძლება ყველა „წრიულის“ გაქრობა?“,
– ამბობს შეწუხებული მგზავრი იზოლდა ნაკაშიძე.
ქუთაისში, #1 („მარჯვენა წრიული“) საავტობუსო ხაზს სულ
8 ერთეული ავტობუსი ემსახურება. თავად გადამზიდავ კომპანია შპს „სამგზავრო
2007“–ში, რომლის დაქვემდებარებაშია #1 („წრიული“) საავტობუსო ხაზი, გავრცელებულ ინფორმაციას
არ ადასტურებენ. კომპანიაში ტრანსპორტის შეფერხებით მუშაობას ტექნიკური ხარვეზებით
ხსნიან. ,,არ ვიცით რა დავალებებზე საუბრობთ.
არცერთი ავტობუსი ქალაქიდან გასული არ არის. უბრალოდ ორი სამარშუტო ტაქსი მწყობრიდან
არის გამოსული და ისიც ერთ საათში გაიმართება,“
– ამბობს შპს „სამგზავრო 2007“–ის დირექტორი თენგიზ ლომიძე.
ავტორი: თეკლა მორგოშია