„ჰერკულესი“ კვამლში გახვეულ მოსახლეობას საცხოვრებლის დატოვებას აიძულებს
ქუთაისში, თაბუკაშვილის
ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობა კვამლშია გახვეული. მოსახლეობის განცხადებით, ქარხანა
„ჰერკულესში“, რომელიც ჯართის გადამუშავებითაა დაკავებული, მეტალის დნობისას მავნე
აირებს გამოჰყოფს. გამწმენდი ფილტრების არარსებობის გამო კი მოსახლეობა ზარალდება.
მათი არაერთგზის პროტესტის მიუხედავად, ქარხნის
არსებობის 3 წლის განმავლობაში მოსახლეობისათვის პრობლემა მარადიულობად იქცა.
მოსახლეობის განცხადებით,
ქარხნიდან წამოსული კვამლი განსაკუთრებით საღამოს საათებში არის შესამჩნევი. აღნიშნული
პრობლემის გათვალისწინებით, თაბუკაშვილის ქუჩაზე მცხოვრებთა ნაწილმა საცხოვრებლის გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო.
„თავიდან როცა ამ ქარხანას აშენებდნენ, ჩვენ არც
კი ვიცოდით რა შენდებოდა. საშინელ დღეში ვართ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ნიავი არ იძვრის. ჯერ გამწმენდი ფილტრები დაედგათ და ქარხანა მერე
აემუშავებინათ. მაგ ქარხანაში ამ დასახლებიდან ბევრია დასაქმებული. ჩვენ ქარხნის დახურვას
ხომ არ ვითხოვთ? დააყენონ ფლტრები და ხალხი ასე არ გაწამდება. მაგის გამო აქ ცხოვრება
აღარ მინდა. სახლი უნდა გავყიდო და აქედან წავიდე,“ – ამბობს თაბუკაშვილის ქუჩაზე მცხოვრები ნინო ქემოკლიძე.
„ამ დასახლებაში ქარხნის წყალობით იმატა ასთმურმა
დავადებებმა. მოსახლეობა გარეთ ვერ გამოდის და ვერც ბავშვებს უშვებენ. გარეთ ვერც სარეცხს
ფენენ. პრობლემა ქუთაისის გარდა, მესხეთსა და მის მახლობლად მდებარე სოფლებსაც აწუხებს.
ეს
არის აუტანელი და უნდა დასრულდეს,“ – ამბობს პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის
რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაია, რომელმაც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით,
დღეს, დასახლებაში ბრიფინგი გამართა. წულაის შეფასებით, ქარხნის მესვეურთა კეთილდღეობას ხალხის
ჯანმრთელობა ეწირება.
აღსანიშნავია, რომ
თაბუკაშვილის ქუჩის მოსახლეობა წლებია პრობლემის მოგვარებას უშედეგოდ ითხოვს. მათ პროტესტი
აქციების ფორმითაც გამოხატეს, თუმცა როგორც
ამბობენ, მოსახლეობის ყოველი ცდა უშედეგოა.
ქარხანაში კი პრობლემის არსებობას უარყოფენ
და გარკვეული პირების მიერ მოსახლეობის საარჩევნო მიზნით გამოყენებაზე საუბრობენ.
„დამირეკონ ან მე
ან ნებისმიერ ჩემს თანამშრომელს და ჩვენ გავცემთ პასუხს. არავინ არავის არ წამლავს.
მე და ჩემი თანამშრომლები 24 სათიდან 12 საათს
აქ ვატარებთ და მაშინ ცოცხლები არ უნდა ვიყოთ. ჩვენ დოკუმენტურად შეგვიძლია ამის დადასტურება
,“ – ამბობს ქარხანა „ჰერკულესის“ დირექტორის მოადგილე ვასო ჩხენკელი.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე