ქუთაისის მერობისთვის საკრებულოს დეპუტატს ამზადებენ
ქუთაისის მერის
ვაკანტური პოსტისათვის ადგილობრივ თვითმმართველობაში
კანდიდატების შერჩევა დაიწყო. გავრცელებული
ინფორმაციით, ქალაქის მერად ქუთაისის საკრებულოს
დეპუტატი დავით გოგისვანიძე მოიაზრება.
დავით გოგისვანიძე
ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „მაჟორიტარის“ თავმჯდომარეა. ის ქუთაისის საკრებულოს ორგზის
დეპუტატია. გოგისვანიძის აქტიურობა ბოლო პერიოდში
განსაკუთრებული თვალშისაცემი გახდა ქუთაისში, მედიის მიმართ ზეწოლასა და „ნაციონალების“
ფარულ შეხვედრებთან მიმართებაში. სწორედ მის სახელს უკავშირდება მიმდინარე წლის მაისში,
არაერთგზის ნაცემი ჟურნალისტები ქუთაისში, „ნაციონალების“ ფარული შეხვედრების გაშუქების
გამო და მუქარები მედიის წარმომადგენელთა მიმართ.
გოგისვანიძის „კონტროლის
სფეროშია“ ასევე, სამედიცინო სფერო ქუთაისში. ის ქუთაისის ო.ჩხობაძის სახელობის სამკურნალო-სარეაბილიტაციო
კლინიკური ცენტრის სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და ჯანდაცვის პროგრამების მენეჯერია
და ამავდროულად, საქართველოს ექიმთა ასოციაციის ქუთაისის
და იმერეთის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილის
პოსტი უჭირავს. ახლა კი ქუთაისის მერობისთვის
ამზადებენ.
თავად, ქუთაისის ყოფილი მერი გია თევდორაძე, რომელმაც აღნიშნული პოსტი მიმდინარე წლის 16 აგვისტოს დატოვა, საქართველოს პარლამენტში მოსახვედრად იბრძვის. მართალია, „ნაციონალურ მოძრაობას“ თევდორაძე ქუთაისის მაჟორიტარობის კანდდიატად ოფიციალურად ჯერ არ წარუდგენია, თუმცა ყოფილმა მერმა საარჩევნო კამპანია და ქუთაისლებისათვის დაპირებების გაცემა უკვე დაიწყო. http://newpress.ge/index.php?page=4&staties_id=165
გია თევდორაძის პოლიტიკური მემკვიდრის შესახებ მმართველ გუნდში არ საუბრობენ. ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალების“ თავმჯდომარის კახა ნემსიწვერიძის თქმით, „კულუარულ ინფორმაციაზე ჩვენ არ ვაკეთებთ კომენტარს. როცა კანდიდატურა განიხილება, მაშინ ვიტყვით. ჩემთვის მერის მისაღები კანდიდატურა ის იქნება, ვინც მისაღებია ქალაქისთვის. ვინც თავს დადებს და ყველაფერს გააკეთებს,“ – ამბობს ნემსიწვერიძე. ქალაქის მომავალი პირველი პირის შესახებ მმართველი გუნდის არც სხვა წევრები საუბრობენ. „დავით გოგისვანიძის მერობის შესახებ არაფერი მსმენია,“ – ამბობს საკრებულოს წევრი მერაბ ბარათაშვილი.
მმართველი გუნდის
დუმილის ფონზე, პროგნოზს აკეთებს ოპოზიცია. ქალაქის საკრებულოს წევრის და „ახლების“ ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატის
მამუკა მღვდელაძის თქმით, დავით გოგისვანიძე
იმერეთის გუბერნატორის ლაშა მაქაცარიას კადრია. გოგისვანიძის მერობა კი მღვდელაძის
აზრით, გია თევდორაძის საპარლამენტიო არჩევნებში გამარჯვებაზეა დამოკიდებული.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე