ჭიათურაში „ნაციონალები“ მოსახლეობის ერთგულებას ფულით ყიდულობენ?
ჭიათურის რაიონში
საჯარო სკოლების მოსწავლეებს, სტუდენტებსა და ახალგაზრდებს „ნაციონალური მოძრაობა“
პარტიის მაისურებს, კეპებსა და 150 ლარს ურიგებს, – აღნიშნულის შესახებ newpress-ს
კოალიცია „ქართული ოცნების“ ჭიათურის მაჟორიტარობის კანდიდატმა მალხაზ წერეთელმა განუცხადა.
„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის თქმით, უკანასკნელი ერთი კვირის განმავლობაში ჭიათურაში ამომრჩეველთა მოსყიდვამ მასობრივი სახე მიიღო.
როგორც მალხაზ წერეთელი ამბობს, ახალგაზრდებს მაისურები და ფული ჭიათურის მუნიციპალიტეტის შენობაში გადაეცემათ. აღნიშნულ ფაქტს რაიონის ხელმძღვანელობა იმით ხსნის, რომ „საჩუქრებს“ ახალგაზრდები სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამაში „summer job“- ში მონაწილეობისათვის იღებენ.
„ბოლო ორი დღეა
ჩვენთან პრეზიდენტი იმყოფება, რომელსაც რაიონის ყველა დიდ სოფელში 5–7 წუთიანი გაჩერება
აქვს. წითელი მაისურები და ფული სოფლად მაცხოვრებელ ახალგაზრდებსაც დაურიგეს. რომლებიც
თავის მხრივ, ავტობუსებითა და მიკროავტობუსებით პრეზიდენტს სოფლიდან სოფელში დაყვებიან. ჭიათურის ბიუჯეტში ახალგაზრდებისათვის
მაისურებისა და ფულის გადასაცემად 4 მილიონი ლარი დაირიცხა. რასთან დაკავშირებითაც
რაიონის საკრებულომ ბიუჯეტში ცვლილება შეიტანა.
27 აგვისტოს საკრებულოს მორიგი სხდომა არის
დანიშნული, რომელზეც რაიონის გამგებლისათვის
– გოგი ჩიკვილაძისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის
საკითხი განიხილება. ჭიათურაში „ნაციონალების“ მაჟორიტარობის კანდიდატად სწორედ გოგი
ჩიკვილაძე მოიაზრება,“ – ამბობს მალხაზ წერეთელი.
ახალგაზრდებისათვის
მაისურებისა და ფულის გადაცემის გარდა, მალხაზ
წერეთელი ჭიათურაში მოსახლეობის მოსყიდვის
სხვა ფაქტებზეც საუბრობს. მისი თქმით, კვლავ გრძელდება მოსახლეობისათვის საკვები პროდუქტებისა
და სამშენებლო მასალების დარიგება, რაც ჭიათურის
ხელმძღვანელობამ დაახლოებით ერთი თვის წინ დაიწყო. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის
განმარტებით, ადგილობრივი ხელისუფლება აღნიშნულს
მიწისძვრით დაზარალებული მოსახლეობისათვის დახმარების მცდელობით ხსნის, თუმცა როგორც
მალხაზ წერეთელი ამტკიცებს, დახმარება რაიონში მცხოვრებ ყველა ოჯახს ურიგდება. გარდა ამისა, ადგილობრივი ხელისუფლება ჭიათურაში „ნაციონალური მოძრაობისათვის“
მხარდამჭერების შეგროვების მიზნით, არც ფულად რესურსს იშურებს.
„რაიონში არსებული
მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების წარმომადგენლებს, რომლებიც „ნაციონალებისთვის“
მხარდამჭერებს შეაგროვებენ, 250 ლარს აძლევენ. გარდა ამისა, ამ ბოლო დროს ინტენსიურად
დაიწყეს ფულადი შემწეობების გაცემა რაიონის
სოციალური პროგრამების ფონდიდან. შემწეობის
რაოდენობა 50 ლარიდან 70 ლარამდეა. გარდა ამისა, ფულად დახმარებას ჰპირდებიან მიწისძვრით დაზრალებულებს. თანხის რაოდენობა კატეგორიების
მხიედვით განსხვავებულია. პირველ კატეგორიას 5 000 ლარს ჰპირდებიან და 2500 ლარს
პირველ ეტაპზე ურიცხავენ. დარჩენილი 2 500 ლარის დარიცხვის გარანტიას კი საპარლამენტო არჩევნებში
გამარჯვების შემდეგ აძლევენ. მეორე და მესამე კატეგორიებისათვის 1000 ლარიდან 2 000 ლარამდეა გათვალისწიბული ,“ – ამბობს მალხაზ წერეთელი.
მმართველი გუნდის
მიერ ჭიათურის მოსახლეობის მოსყიდვასთან დაკავშირებით რაიონის ხელმძღვანელობა კომენტარს
არ აკეთებს. ჭიათურის გამგებელმა გოგი ჩიკვილაძემ კი დუმილის მიზეზი შემდეგნაირად განმარტა:
„ახლა ისეთ ადგილას ვარ, ლაპარაკი არ შემიძლია“.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე