|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მუშის დაღუპვას არ ადასტურებენ

ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დასაქმებულები აღნიშნულ ტერიტორიაზე მუშის დაღუპვის ფაქტს უარყოფენ. პარლამენტის მშენებლობაზე დაშავების შედეგად გარდაცვალების ფაქტს უარყოფენ ქუთაისის სამედიცინო დაწესებულებებშიც.

ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებლობის შედეგად დაშავებული პაციენტი, 24 წლის ლევან სილაგავა ამჟამად მათ სამედიცინო დაწესებულებაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.

„პაციენტი თავის ტვინის ტრამვით შემოიყვანეს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ პაციენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ლევან სილაგავა ინტერვენციული მედიცინის ცენტრში განაგრძობს მკურნალობის კურსს. ამ ეტაპზე პაციენტის გაწერაზე საუბარი არ არის,“ – აცხადებენ ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრის პრესსამსახურში.

ქუთაისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებლობის შედეგად მუშის დაღუპვის თაობაზე ინფორმაცია გუშინ, 24 აგვისტოს, ინტერნეტგამოცემა „ნეტგაზეთმა“ გაავრცელა. მათი ინფორმაციით, 23 წლის ლევან სილაგავა დაიღუპა 24 აგვისტოს ქუთაისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობაზე.

"ლევან სილაგავა მარტვილის რაიონიდან იყო. ოჯახის ახლობლების თქმით, მას ხარაჩოზე ფეხი დაუცდა და სიმაღლიდან ჩამოვარდა, მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. ასევე არ დასტურდება "ფეისბუქში" გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს მას ეპილეფსია სჭირდა. ახლობლების ინფორმაციით, სილაგავს ოჯახი ხელმოკლედ ცხოვრობს და მისი დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს," – ნათქვამია "ნეტგაზეთის" მიერ გავრცელებულ მასალაში.

პარლამენტის მშენებლობაზე მუშის დაღუპვის ფაქტს უარყოფენ ადგილზე დასაქმებულებიც.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მუშის დაღუპვა სიმართლეს არ შეესაბამება. დაშავება ხდება. ხანდახან ზოგი თითს გაიჭრის. მადლობა ღმერთს, მსხვერპლი არ ყოფილა საერთოდ. უსაფრთხოების ზომები დაცული გვაქვს. ასეთი ჭორები პოლიტიკოსების მოგონილია,“ – ამბობს მშენებარე პარლამენტის სამუშაოების მწარმოებელი.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვრის წინ პარლამენტის ტერიტორიაზე  ერთი მუშა დაშავდა, ხოლო ორი თვის წინ, დამხმარე ნაგებობის ნგრევას 60 წლის რეზო ნებიერიძე ემხვერპლა. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე