ვანში სანიაღვრე სისტემის გაუმართაობის გამო ქუჩები იტბორება
ვანის რაიონის მოსახლეობას
წლებია გაუმართავი სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემის პრობლემა აწუხებს, რის გამოც
ყოველი წვიმის დროს ქუჩები და სახლების პირველი სართულები იტბორება. კანალიზაციის არარსებობის
გამო კი, მდინარე სულორი ფეკალური მასებით დაბინძურებული წყლით ივსება, რაც ეკოლოგიურად
საგანგაშო მდგომარეობას ქმნის.
აღნიშნულ პრობლემასთან
დაკავშირებით, ,,ახალი მემარჯვენეების“ ვანის მაჟორიტარობის კანდიდატმა ხათუნა მესხმა
ბრიფინგი გამართა და საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემის გაუმართაობა გააპროტესტა.
,,ეს პრობლემა უამრავი
წელია აწუხებს ქალაქის მოსახლეობას და დღემდე მის მოგვარებაზე არავის უზრუნია. სამწუხაროდ,
არც დღეს დგას დღის წესრიგში ვანის წყალარინების და კანალიზაციის სისტემის მოწესრიგება.
რაიონის შვიდმილიონიანი ბიუჯეტიდან ეკონომიკისა და ინფრსატრუქტურის სამსახურს სანიაღვრე-საწრეტი
არხების და ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობა-რეაბილიტაციისა და ექსპლუატაციისათვის
მხოლოდ 54 000 ლარი აქვს გამოყოფილი. ამ თანხიდან არცერთი თეთრი არ დახარჯულა
ამ პრობლემის მოგვარებისთვის“ - აღნიშნა ხათუნა მესხმა.
,,ახალი მემარჯვენეები“
მოითხოვენ საკრებულომ აღნიშნულ თემაზე იმსჯელოს და ვანის მოასახლეობას პრობლემა მოუგვაროს.
ავტორი: ხათუნა მაისურაძე