|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"თავისუფალი საქართველოს" კანდიდატები იმერეთში აქტიური პოლიტიკური წარსულით არ გამოირჩევიან

 პარტია ,,თავისუფალმა საქართველომ“ იმერეთის რეგიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. პარტიის ლიდერმა ქუთაისის ორგანიზაციში ექვსი რაიონის კანდიდატი დაასახელა, რომელთა უმრავლესობა აქტიური პოლიტიკური წარსულით არ გამოირჩევა.

,,იმერეთის 12 რაიონიდან ჩვენ 11 ოლქში უკვე წარვადგინეთ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები. საჩხერესთან დაკავშირებით დამატებით, ცალკე გამოვაცხადებთ გადაწყვეტილებას. ჩვენი კანდიდატები საქართველოს ყველა რეგიონში იქნება წარმოდგენილი“ – აღნიშნა კახა კუკავამ.  

,,თავისუფალი საქართველოს“ სახელით წყალტუბოში კენჭს ავთანდილ იოსელიანი იყრის, რომელიც 2010 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ,,ივანიშვილი - სახალხო დემოკრატების“ პარტიული სიით მონაწილეობდა. პროფესიით ეკონომისტი ამჟამად ჟურნალისტური საქმიანობით არის დაკავებული.

სამტრედიაში კენჭს დავით ნადირაძე იყრის, რომელსაც ამ დრომდე პოლიტიკასთან შეხება არ ჰქონია. პროფესიით ეკონომისტია, თუმცა ამჟამად არსად მუშაობს. პოლიტიკაში გამოჩენამდე, სამტრედიის ხე–ტყის გადამამუშავებელ ქარხანაში მუშაობდა.

ტყიბულის მაჟორიტარობის კანდიდატი, ეკონომისტი მერაბ ბაბუხადია, 1998 წლის ადგილობრივ არჩევნებში ,,ტრადიციონალისტთა“ პარტიული სიით იყრიდა კენჭს. ის ერთი წელია, რაც პარტია ,,თავისუფალი საქართველოს“ წევრია.

ვანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გივი ლორთქიფანიძე პროფესიით იურისტია და 2011 წლამდე სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურში მუშაობდა. ფიქრობს, რომ პარტიამ სწორი არჩევანი გააკეთა, რადგან ,,ჩემი დონის ვანელს უნდა ჰქონდეს ვანი ჩაბარებული და არა შაბათ-კვირის გამვლელ-გამომვლელს“ - ამბობს ლორთქიფანიძე.

ხონში კენჭს ადვოკატი ზაზა შერმადინი იყრის, რომელიც 1998 წლამდე ხონის რაიონის გამგეობაში მუშაობდა. ამჟამად, საკუთარი პროფესიით თბილისში მუშაობს, დამოუკიდებელი ადვოკატი და ,,საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის“ წევრია.

ზესტაფონში პარტიის სახელით კენჭს ელგუჯა კვეტენაძე იყრის, რომელიც ამჟამად ,,ჯორჯიან მანგანეზში“ აჯამეთის კარიერის უფროსია. რევოლუციამდე, 2002 – 2003 წლებში ის  ზესტაფონის რაიონის გამგებელი იყო, 1999 – 2002 წლებში კი აბაშის რაიონის გამგებლის მოადგილედ მუშაობდა.

პარტიას იმერეთის დანარჩენ ოლქებში მაჟორიტარები უკვე წარადგინა. შეგახსენებთ, რომ ,,თავისუფალი საქართველოს“ სახელით ქუთაისში თემურ შაშიაშვილი, ხარაგაულში - გია ყრუაშვილი, ჭიათურაში - თემურ ჯაფარიძე, ბაღდათში - იაგო გულებაძე, თერჯოლაში კი იაზონ აბულაძე იყრის კენჭს.

პარტია ,,თავისუფალი საქართველო“ კიდევ ერთხელ სთავაზობს ,,ქართულ ოცნებას“, რომ ყველა საარჩევნო ოლქში  ერთიან მაჟორიტარობის კანდიდაზე შეთანხმდნენ. 

ავტორი: ხათუნა მაისურაძე