|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პარლამენტთან დაშავებული მუშის სანახავად ჟურნალისტებს არ უშვებენ

ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, მშენებლობაზე დაშავებული მუშა ლევან სილაგავა ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. ის მკურნალობის კურსს დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადის. აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ, რომ პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. თავად პაციენტის ნახვის უფლებას  კი ჟურნალისტებს არ ძლევენ.

„არსებობს კანონი პაციენტის შესახებ, რომლის თანახამდ პაციენტის კონფინდენციალობა გარანტირებულია. ამიტომ, მის სანახად ვერ შეგიშვებთ. ლევან სილაგავას ჯანმრთელობის  მდგომარეობა შემოყვანის მომენტში საშუალო სიმძიმის იყო, მაგრამ ახლა დასტაბილურდა. საავადმყოს პრესსამსახური სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ პაციენტი გამოჯანმრთელებისკენ მიდის,“ – ამბობენ სამედიცინო დაწესებულების პრესსამსახურში.

შეგახსენეთ,  რომ 24 წლის  ლევან სილაგავა დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრში  23 აგვსიტოს მოათავსეს.  24 აგვისტოს კი ინტერნეტგამოცემა „ნეტგაზეთმა“  მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. აღნიშნულს უარყოფენ როგორც თავად პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დასაქმებულები, ისე საავადმყოფოს პრესსამსახური და დაშავებული მუშის ოჯახის წევრები. მათი განცხადებით, პაციენტი თავს კარგად გრძნობს.   

„ჩემს შვილიშვილთან მუდმივი კონტაქტი გვაქვს. ეს ვინც თქვა, შეცდომაში შეგიყვანათ. სერიოზული არაფერი სჭირს. ხელი აქვს დაზიანებული მხოლოდ და  დღეს ან ხვალ ველოდებით მის გამოწერას ,“ – ამბობს  ლევან სილაგავას ბებია ნელი სილაგავა.

შეგახსენებთ, რომ  რამდენიმე კვირის წინ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე კიდევ ერთი მუშა დაშავდა, ხოლო დაახლეობით ორი თვის წინ ამავე ტერიტორიაზე ნგრევას ერთი მუშის 60 წლის რეზო ნებიერიძის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე